ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი წევრები წარადგინა. დამატებულ 20 ადამიანს შორის არიან ენმ-ს როგორც ძველი, ასევე ახალი სახეები.
"ვისთვისაც მნიშვნელოვანია რუსი ოლიგარქის დამარცხება, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოს ევროპული მომავალი, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და ის, რომ საბოლოოდ, ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ და ევროკავშირის წევრები გავხდეთ - ვინც ამ, ვარდების რევოლუციის იდეალებსა და ღირებულებებს იზიარებს, ცხადია, ასეთი ადამიანებისთვის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს კარი ღიაა.
მინდა, წარმოგიდგინოთ ადამიანები, ვინც პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ენმ-ს პოლიტიკურ საბჭოს დაემატებიან და დღეიდან, იმ მანდატით იმოქმედებენ, რითიც პოლიტსაბჭოს წევრები მოქმედებენ. შემდეგ ყრილობაზე ეს ოფიციალურად გაფორმდება [...] ეს ადამიანები არიან: ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, გიგი კუბლაშვილი, სევდია უგრეხელიძე, ნიკა ჭურაძე, მაია ჯავახიშვილი, მერაბ ჯანელიძე, ალექსანდრე-კრევო ასათიანი, ნატალია მჭედლიშვილი, ბესო ქათამაძე, მამუკა ყურაშვილი, იგორ ნარმანია, ალიკა კუპრავა, ლევან ფერაძე, ბაკურ მგელაძე, თემურ ცამციშვილი, ნიკა ობოლაძე და ირაკლი გიორგობიანი - დღეს პოლიტსაბჭოს 20 ადამიანი დაემატება". - თქვა ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილმა პარტიის წინა პოლიტსაბჭოს წევრებს კიდევ ერთხელ მიმართა, რომ თუ ისინი მიხეილ სააკაშვილის ერთობის მანიფესტს ხელს მოაწერენ, მათთვის ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს კარი ღიაა.
20 ნოემბერს საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს თქვა, რომ პარტიამ პოლისტაბჭოდან არაერთი ადამიანის გაშვება იჩქარა.
"მე მინდა, ამ ადამიანებს მოვუწოდო, დაბრუნდნენ პოლიტსაბჭოში კოჰაბიტაციის გზით, ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი, ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღებაში, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და მე ვარ გარანტი იმისა, რომ თქვენ იქნებით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და ინიციატივის ნაწილი, იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი გზით შევძლოთ წინ წასვლა". - განაცხადა სააკაშვილმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარის “ფლანგებს” შორის ერთწლიანი დაპირისპირების შემდეგ, ენმ-მ დაწერა, რომ ნიკა მელია პარტიას აღარ წარმოადგენს და ეს საკითხი დახურულია. მიუხედავად იმისა, რომ ენმ-ის დატოვებაზე ნიკა მელიას საჯარო განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია, პარტიაში ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილება თავად მელიამ მიიღო.
“მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე დაბრუნებოდა პარტიას, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის “არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“. ფაქტია - ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში. ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას” - წერს ენმ.
პარტიამდე იგივე განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა TV ფორმულას ეთერში გააკეთა. მისი მტკიცებით, ნიკა მელია "არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და ვერ ილაპარაკებს ნაციონალური მოძრაობის სახელით". Მისივე თქმით, “მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა მან, რომ ის არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი".
რამდენიმე კვირის წინ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ყველა წევრს და მხარდამჭერს შესთავაზა, ვარდების რევოლუციის მე-20 წლისთავამდე შეემუშავებინათ მანიფესტი, რომელსაც ერთობლივად მოაწერდნენ ხელს. მისი თქმით, მანიფესტში სხვა საკითხებთან ერთად უნდა ყოფილიყო პარტიული ერთიანობის შეთანხმებაც.
“თუკი ვინმე არ მოისურვებს ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერას, ის ავტომატურად დაიყენებს თავს პარტიის გარეთ და სხვა გზით მოუხდება წასვლა. ჩვენ კი შევძლებთ მომავალზე სრულად კონცენტრირებას. ეს მანიფესტი უნდა იყოს ჩვენი ერთიანობის და განახლების უნარის პრეზენტაცია” - წერდა სააკაშვილი.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 11-პუნქტიანი მანიფესტი 22 ნოემბერს გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პარტიის პრინციპებთან, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიასთან ერთად, "მანიფესტი პარტიის ერთიანობის დეკლარაციაა, რაც უნდა იქცეს თანმიმდევრული და პროგრესული შიდადემოკრატიული პროცესების ხელშემწყობ ინსტრუმენტად".
ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ე,წ ნიკა მელიას ფლანგს მანიფესტისთვის ხელი არ მოუწერია. ბაჩო დოლიძის თქმით, ინდივიდუალურად გადაწყვეტდნენ, ვინ მოაწერდა ხელს "ერთიანობის დოკუმენტს" და ვინ არა. Მისივე შეფასებით, მანიფესტი არ ასახავს არსებულ რეალობას"
“ვინც არ მოაწერს ხელს, როგორ ფიქრობთ, ამდენი ადამიანი იქნება გარიცხული პარტიიდან? აქ ხომ ათი ათასობით ადამიანზეა საუბარი?" - თქვა დოლიძემ.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, პარტიის წევრების ნაწილი პოლიტსაბჭოდან ჩახსნეს და არც ახალ პოლიტსაბჭოში შეიყვანეს. მათ შორის, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია. ენმ-ის რამდენიმე წევრმა კი, ახალი პოლიტსაბჭო თავად დატოვა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს და თავმჯდომარის “ლეგიტიმურობაზე” მიხეილ სააკაშვილი იქამდეც საუბრობდა და “კატეგორიულად ვერ იზიარებდა ზოგიერთ მოსაზრებას”, რომ ლევან ხაბეიშვილს, პეტრე ცისკარიშვილს და პარტიის პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციის ნაკლებობა აქვს.
ამასთან, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 3 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე, სადაც დისტანციურად ჩაერთო, თქვა, რომ "პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ".
სააკაშვილის განცხადებას ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ იმავე დღეს უპასუხა და დაწერა, რომ "თქვა და გააკეთე, არ არის გზა, რომლითაც მე დავდივარ".