ვოლოდიმირ ზელენსკი

POLITICO-მ ზელენსკი ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად "მეოცნებეების" კატეგორიაში დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი
Dave Sanders for The New York Times

ამერიკულმა გამოცემა POLITICO-მ ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგში მეოცნებეების კატეგორიაში ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაასახელა.

"უინსტონ ჩერჩილი, მარტინ ლუთერ კინგი, ნელსონ მანდელა - დროდადრო ჩნდება ლიდერი და დამოუკიდებლად ცვლის ისტორიის კურსს, არა მათი ჯარის ან ეკონომიკის სიძლიერის, არამედ მათი სიტყვების ძალის წყალობით. ასეთი ლიდერია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი". - აღნიშნავს გამოცემა. 

POLITICO ასევე წერს, რომ ზელენსკიმ ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კართან მიიყვანა, ხოლო NATO-სთან "წარმოუდგენლად დააახლოვა". პარალელურად, გამოცემა აღნიშნავს, რომ ზელენსკისთვის მომდევნო წელი რთული იქნება, რადგან "მსოფლიო დაბნეულია ახლო აღმოსავლეთში ომით, უკრაინელები დაღლილები არიან ორწლიანი ომით და იბრძვიან ტერიტორიის დასაბრუნებლად რუსული ხორცსაკეპი მანქანის წინაშე".

"დასავლეთის მხრიდან შემოვლითი საუბრისა და უკრაინისთვის გაცილებით დიდი მეზობლისგან მომდინარე საფრთხის გაგრძელებასთან ერთად, ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნიდან გადავიდა მათთვის ლექციების წაკითხვაზე - ეს არ აღმოჩნდა ისეთი წარმატებული, როგორც მისი უფრო ამაღელვებელი გამოსვლები იყო. დაძაბულობამ იმატა ზაფხულში ვილნიუსში NATO-ს სამიტზე, სადაც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა და აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ორივემ გააფრთხილეს, რომ უკრაინას უფრო მეტი "მადლიერება" უნდა გამოეხატა თავისი მოკავშირეების მიმართ, მიუხედავად კიევის იმედგაცრუებისა სამომავლო წევრობასთან დაკავშირებით ალიანსის ფორმირების გამო". - აღნიშნავს POLITICO.

გამოცემა საუბრობს უკრაინაში სამომავლო არჩევნების შესახებაც და აღნიშნავს, რომ მიუხედავად 2019 წელს ზელენსკის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დადებული პირობისა, რომ მხოლოდ ერთი, 5-წლიანი ვადით აპირებდა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტის დაკავებას, ახლახან აღნიშნა, რომ თანამდებობაზე კიდევ ერთი ვადით დარჩენას გეგმავს. 

"ომის დროს კენჭისყრის ჩასატარებლად, ზელენსკიმ პარლამენტთან შეთანხმებით უნდა შეცვალოს უკრაინის კონსტიტუცია. ეს პერსპექტივა აჩენს მთავარ კითხვებს დემოკრატიული ლეგიტიმაციის შესახებ - ქვეყნის სატელევიზიო არხების უმეტესობა მკაცრად კონტროლდება მთავრობის მიერ, გავრცელებულია ცენზურა, ომიდან გაქცეული მილიონობით უკრაინელი რჩება საზღვარგარეთ და ათიათასობით ჯარისკაცი კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს საბრძოლო ზონებში. და ეს ხდება მანამ, სანამ განიხილება ომის დროს ხმის მიცემის ორგანიზებისა და უზრუნველყოფის ღირებულება. ეს არის უზარმაზარი, თუ არა გადაუჭრელი პრობლემები - საკითხავია, შეუძლია თუ არა ზელენსკის ამის გადაჭრა და რის ფასად". - აღნიშნავს გამოცემა. 

გარდა ამისა, POLITICO-ს სიაში ევროპის ყველაზე გავლენიან პიროვნებად პოლონელი პოლიტიკოსი, დონალდ ტუსკი დასახელდა. აღმასრულებლების კატეგორიაში პირველ ადგილზე კი იტალიის პრემიერი, ჯორჯია მელონი გავიდა. რაც შეეხება, ამრევების კატეგორიას, პირველი ადგილი რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ დაიკავა. გამოცემა მას "პუტინის ბანკირად" მოიხსენიებს.

აქამდე, გასულ დღეს POLITICO-მ ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური რეიტინგის თითქმის სრული სია გამოაქვეყნა. კონტინენტის ყველაზე გავლენიანი პიროვნების დასახელების გარდა, სია მოიცავს სამ სხვადასხვა კატეგორიას - აღმასრულებლები (doers - აღმასრულებელი ძალაუფლების მქონენი), ამრევები (disrupters - ადამიანები, რომლებიც ვითარებას უარესობისკენ მოულოდნელად ცვლიან) და მეოცნებეები (dreamers - ისინი, ვინც დებატების უკან მდგომი იდეის ავტორები არიან). ამ კატეგორიაში წარმოდგენილი ადამიანები, POLITICO-ს თანახმად, წარმოადგენენ სხვადასხვა ტიპის ძალაუფლებას. 

კატეგორიაში ამრევები მე-8 ადგილს ბიძინა ივანიშვილმა დაიკავა. POLITICO-მ ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მისი მიზანი საქართველოს ევროკავშირისგან დაშორება და კრემლთან დაახლოებაა. ამავე კატეგორიაში მესამე ადგილზე კი უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი გავიდა. 

კომენტარები