დაპირისპირება ენმ-ში

ბოკუჩავა: 3 თვეში ერთხელ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ვერ ჩატარდება, საკითხი ამოწურულია

ნაცვლად იმისა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია საქართველოში ებრძოდეს რუსულ რეჟიმს და ემზადებოდეს გეოპოლიტიკური უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის, ყოველ სამ თვეში ერთხელ არჩევნები უნდა ვატაროთ ამ ადამიანების ლოგიკით? – ალოგიკურია, ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულია, გადავიდეთ სერიოზულ თემებზე. ამ თემის მუდმივი პედალირება მობეზრდა ჟურნალისტების აბსოლუტურ უმრავლესობას, მაყურებელს, ამომრჩეველს, სიამოვნებას იღებს მხოლოდ ივანიშვილი და მისი რეჟიმი. არ განიხილება და ყოველ სამ თვეში ერთხელ არჩევნები ვერ ჩატარდება მაშინ, როდესაც ჩვენ გენერალური არჩევნები უნდა ჩავატაროთ და მოვიგოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე უპასუხა ენმ-ის წევრმა თინა ბოკუჩავამ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებას. ფრაქციის თავმჯდომარემ, წევრებმა და თანამშრომლებმა მოუწოდეს ლევან ხაბეიშვილს, დატოვოს ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობა. მათივე თქმით, პარტიამ უახლოეს პერიოდში უნდა მოიწვიოს ყრილობა, რომელიც აირჩევს მმართველ ორგანოს და წარმართავს პარტიის საქმიანობას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.

კომენტარები