პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კახა აბუაშვილის, იგივე კაბუსთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
"პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც გენდერული ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით, ცემის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტებზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს". - წერია პროკურატურის განცხადებაში.
ქალზე ძალადობის ბრალდებით მომღერალი კაბუ გუშინ, 26 ნოემბერს დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, კაბუს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.