კრიმინალი

ცოლისა და ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის პირს პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და მეუღლის მიმართ იძულების ფაქტებზე ერთ ადამიანს პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ცნობით, "ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქ.ვ.-მ მეუღლეს ლ.წ.-ს, ძალის გამოყენებით მის ავტომანქანაში ჩაჯდომა აიძულა".

"აღნიშნულ ფაქტს გ.მ. და ს.ბ. შეესწრნენ, რომლებიც დაზარალებულს დაეხმარნენ, რის გამოც, ბრალდებული მოკვლის მიზნით, მეუღლისა და მათი მიმართულებით, ავტომანქანით სწრაფი სიჩქარით გაემართა. ბრალდებულის მეუღლემ გადახტომა და გაქცევა მოახერხა, ხოლო გ.მ.-მ და ს.ბ.-მ ავტომანქანის დაჯახების შედეგად, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს, რის შემდგომაც ბრალდებული მეუღლეს გამოეკიდა და ძირს დაგდებულს ბასრი საგანი რამდენჯერმე მოუქნია, თუმცა ადგილზე შეკრებილმა ადამიანებმა შეძლეს მისთვის ხელის შეშლა, რის გამოც ქ.ვ.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე  დააკავეს. მას  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ იძულება) და 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის „კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები