ლელოს ინიციატივა

რაქვიაშვილი ლელოს ინიციატივაზე: გაუაზრებელი და დამაზიანებელია – მე მხარს არ დავუჭერ

საქართველოს პარლამენტი

გირჩის დეპუტატი, ალექსანდრე რაქვიაშვილი პარტია ლელოს მიერ წარდგენილ 9-პუნქტიან გეგმას, "საქართველოს დაცვის აქტს" გამოეხმაურა. რაქვიაშვილის თქმით, მისთვის ეს ინიციატივა გაუაზრებელი და დამაზიანებელია და თუ პარლამენტი ამ საკითხს განიხილავს, პირადად ის მხარს არ დაუჭერს.

"მე მგონი, ეს ოპოზიციისთვის ძალიან დამაზიანებელია. მე იმდენად არ ვეთანხმები იმას, რაც იქ წერია - მაგალითად, პირველ რიგში, მედიის შეზღუდვას. თუ ოპოზიცია პრორუსული არხების შეზღუდვას იმ რეჟიმისგან ითხოვს, რომელსაც თავად ეძახის რუსულს, მაშინ, უნდა მოემზადოს, რომ ამ საბაბით ოპოზიციურ არხებს შეზღუდავენ. ამიტომ, ეს უბრალოდ გაუაზრებელი და ძალიან დამაზიანებელი ინიციატივაა. თუ განხილვა იქნება, პირადად მე მის წინააღმდეგ მივცემ ხმას". - თქვა რაქვიაშვილმა.

ლელომ პარლამენტში განსახილველად "საქართველოს დაცვის აქტი" შეიტანა, რომელიც 9 პუნქტს მოიცავს. პარტიაში ამბობენ, რომ ამ გეგმის მიზანი საქართველოში რუსეთის გავლენის დასრულებაა.

"საქართველოს დაცვის აქტი" 9 მთავარ ნაბიჯს მოიცავს. ესენია:

  1. რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციის დაწესება.
  2. დასაქმების ბაზრის დაცვა - დღეს საქართველოში უმუშევრობა მთავარი პრობლემაა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ რუსების შემოსევაა, რომლებმაც ჩვენსავე ქვეყანაში ქართველები შემოსავლიან სამსახურებში ჩაანაცვლეს. ეს პუნქტი რუსეთის მოქალაქეებისთვის მუშაობის უფლების მიცემას ზღუდავს.
  3. მიწის გაყიდვის შეზღუდვა - არაფერი ისე არ გამოხატავს ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც ჩვენი მიწა. მიწა ჩვენი ხალხის საკუთრებაა და არა ოკუპანტის. დაუშვებელია, ოკუპანტს უფლება ჰქონდეს, შემოვიდეს და ჩვენი მიწები თავისუფლად იყიდოს. შესაბამისად, ეს პუნქტი მიწის გაყიდვის სრულ აკრძალვას ეხება.
  4. რუსული სანომრენიშნიანი მანქანების აკრძალვა - საქართველოს დაცვის აქტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სანომრენიშნიანი მანქანების შემოსვლას აკრძალავს.
  5. რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა.
  6. რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება - ჩვენ გვსურს, ყველა მუნიციპალიტეტში საოკუპაციო მოსაკრებელი დავაწესოთ, რომლის გადახდაც რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში არსებულ ბიზნესს მოუწევს. მოსაკრებლიდან შემოსული თანხები კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მოხმარდება.
  7. ფრენების აკრძალვა - ჩვენ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვას ვითხოვთ. 
  8. რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა - საქართველოში აიკრძალოს რუსული პროპაგანდისტული არხების უკონტროლოდ მაუწყებლობა.
  9. რუსული ფონდების აკრძალვა - აიკრძალოს რუსული ფონდების საქმიანობა საქართველოში, რომლებიც კრემლის საოკუპაციო პოლიტიკას ემსახურებიან. 

კომენტარები