ლელო

ლელომ "საქართველოს დაცვის აქტი" წარადგინა

ლელომ "საქართველოს დაცვის აქტი" წარადგინა, რომელიც 9 პუნქტს მოიცავს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა.

"დღეს, ლელო 9-პუნქტიან გეგმას აცხადებს, რათა საქართველოში რუსეთისა და რუსეთის გავლენის დასრულების მიზნით, ჩვენი ქვეყნის უკან დაბრუნების პროცესი წამოიწყოს. ხვალ, ლელოს საპარლამენტო ფრაქცია საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად შეიტანს "საქართველოს დაცვის აქტს", 9-პუნქტიან გეგმას, რომელიც საქართველოსა და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს და ჩვენს ქვეყანაში რუსულ შემოსევას შეზღუდავს. "საქართველოს დაცვის აქტი" 9 მთავარ ნაბიჯს მოიცავს. ესენია:

  1. რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციის დაწესება.
  2. დასაქმების ბაზრის დაცვა - დღეს საქართველოში უმუშევრობა მთავარი პრობლემაა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ რუსების შემოსევაა, რომლებმაც ჩვენსავე ქვეყანაში ქართველები შემოსავლიან სამსახურებში ჩაანაცვლეს. ეს პუნქტი რუსეთის მოქალაქეებისთვის მუშაობის უფლების მიცემას ზღუდავს.
  3. მიწის გაყიდვის შეზღუდვა - არაფერი ისე არ გამოხატავს ქვეყნის სუვერენიტეტს, როგორც ჩვენი მიწა. მიწა ჩვენი ხალხის საკუთრებაა და არა ოკუპანტის. დაუშვებელია, ოკუპანტს უფლება ჰქონდეს, შემოვიდეს და ჩვენი მიწები თავისუფლად იყიდოს. შესაბამისად, ეს პუნქტი მიწის გაყიდვის სრულ აკრძალვას ეხება.
  4. რუსული სანომრენიშნიანი მანქანების აკრძალვა - საქართველოს დაცვის აქტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული სანომრენიშნიანი მანქანების შემოსვლას აკრძალავს.
  5. რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა.
  6. რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება - ჩვენ გვსურს, ყველა მუნიციპალიტეტში საოკუპაციო მოსაკრებელი დავაწესოთ, რომლის გადახდაც რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში არსებულ ბიზნესს მოუწევს. მოსაკრებლიდან შემოსული თანხები კი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მოხმარდება.
  7. ფრენების აკრძალვა - ჩვენ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვას ვითხოვთ. 
  8. რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა - საქართველოში აიკრძალოს რუსული პროპაგანდისტული არხების უკონტროლოდ მაუწყებლობა.
  9. რუსული ფონდების აკრძალვა - აიკრძალოს რუსული ფონდების საქმიანობა საქართველოში, რომლებიც კრემლის საოკუპაციო პოლიტიკას ემსახურებიან. 

ხაზარაძის თქმით, საქართველოს დაცვის აქტი სწორედ იმის მაჩვენებელია, თუ როგორ ემსახურება პარტია ლელო საქართველოს და როგორ უნდა დასრულდეს სამარცხვინო და საშიში პროროსული ხელისუფლება.

"კმარა პუტინის ჯიბის მთავრობა, დროა, ეროვნული ხელისუფლება მოვიდეს". - თქვა ხაზარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები