სომხეთი

ОДКБ-ს დატოვების საკითხს არ განვიხილავთ – სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

23 ნოემბერს მინსკში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ОДКБ-ის 2-დღიანი სამიტი გაიმართა. შეხვედრას დაესწრო ორგანიზაციის ექვსი ქვეყნიდან ხუთის წარმომადგენელი, ხოლო სომხეთმა წინასწარ განაცხადა, რომ სამიტს მისი წარმომადგენელი არ დაესწრებოდა.

2009 წლიდან დღემდე სომხეთს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სესია არ გამოუტოვებია.

ასევე, სომხეთმა ОДКБ-ს პარტნიორებს სთხოვა, სამიტის დღის წესრიგიდან ამოეღოთ დოკუმენტი, რომელშიც სომხეთისთვის დახმარება განიხილება. 

თუმცა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მნაცაკან საფარიანმა თქვა, რომ სომხეთი ამჟამად არ განიხილავს არც ОДКБ-ის და არც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის დატოვებას.

საფარიანის თქმით, ასევე არ განიხილება სომხეთის ქალაქ გიუმრიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანა.

2023 წლის იანვარში ფაშინიანმა სომხეთის ტერიტორიაზე ОДКБ-ს სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე უარი თქვა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ "მექმნება შთაბეჭდილება, რომ ОДКБ სომხეთს ტოვებს". ასევე იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში პრემიერმინისტრმა თქვა, რომ უშიშროების სფეროში რუსეთზე სომხეთის დამოკიდებულება შეცდომა იყო.

კომენტარები