ირანი

ქართველი ქალი ირანისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის სქემის ცენტრში

ირანი

ქართველი ქალი ირანისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის სქემის ცენტრში

სტატია სრულად მომზადებულია Lloyd’s List-ის 2023 წლის 17 ნოემბერს გამოქვეყნებული გამოძიების მიხედვით 

Lloyd's List-ის გამოძიების ფარგლებში შესაძლებელი გახდა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაარსებული კორპორაციული სტრუქტურების იდენტიფიცირება, რომლებიც ირანს, აშშ-ს სანქციების გვერდის ავლით, ნავთობისა და ნავთობქიმიური საქონლის გადაზიდვაში ეხმარებიან. 

გამოძიებაში ფიგურირებს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადამტანი გემების ფლოტი, რომელთაც ირანიდან ასობით მილიონი დოლარის ღირებულების პროპანი და ბუტანი გადააქვთ. ამ გემებთან დაკავშირებული კომპანიების კომპლექსური ქსელის შესწავლისას გამოძიების ერთი მიმართულება მიდის სამხრეთ ლონდონში მდებარე რესტორნამდე, რომლის თანამფლობელი, Lloyd's List-ის მტკიცებით, თამილა ჯმუხაძეა. 

რაც შეეხება უშუალოდ გამოძიებას, როგორც Lloyd's List-ის ანალიტიკური ჯგუფი აღნიშნავს, მას ბიძგი მისცა მიმდინარე წლის 10 აგვისტოს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტანკერის აფეთქებამ. 

White Purl-ის ტანკერის აფეთქება

მიმდინარე წლის აგვისტოში ირანულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები თხევადი ბუნებრივი აირის გადამტანი ტანკერის აფეთქების შესახებ. პანამის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს, White Purl-ს ღუზა ირანის ქალაქ ასალუეჰის პორტთან სამხრეთ პროვინცია ბუშეჰრში ჰქონდა ჩაშვებული, რა დროსაც ხანძარი გაჩნდა. მიუხედავად ამისა, ტანკერის ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემის (AIS) სიგნალმა აჩვენა, რომ იგი ასობით მილის მოშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, აბუ მუსას კუნძულის მახლობლად იმყოფებოდა. რეალურად, ტანკერი იყენებდა ტაქტიკას, რომლითაც AIS-ის გამოყენებით აყალბებდა მის რეალურ ადგილმდებარეობას. ეს ტაქტიკა ხშირად გამოიყენება სანქციების გვერდის ავლის გზით გემების მიერ სხვადასხვა საქონლის გადაზიდვაში. მედიაში ასევე გავრცელდა ცნობები იმის შესახებაც, რომ ტანკერი ირანმა 2012 წელს შეიძინა.

White Purl-ის ტანკერი

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ხანძარი გემის ერთ-ერთ კომპრესორში აფეთქებამ გამოიწვია. შემთხვევის შემდეგ დაწყებული გამოძიებით კი გამოვლინდა კომპანიების ფართო ქსელი, რომელიც ტანკერს სანქცირებული ტვირთის გადატანაში ეხმარებოდა. ეს კომპანიები კი უკავშირდება საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობის მქონე პიროვნებას, თამილა ჯმუხაძეს. ჯმუხაძე რესტორან Kartuli-ს თანამფლობელია, რომელიც ლონდონში, ისტ დულვიჩში მდებარეობს. ჯმუხაძე რესტორნის დირექტორი და მისი აქციონერი გასული წლის ივნისში გახდა.

ვინ არის თამილა ჯმუხაძე?

გამოძიებაში ვკითხულობთ, რომ თამილა ჯმუხაძე იყო პანამაში დაფუძნებული კომპანია Taboga Maritime & Transport SA-ის პრეზიდენტი, White Purl-ის რეგისტრირებული მფლობელი 2021 წლის ოქტომბრიდან მანამ, სანამ გემი გასულ თვეს აგვისტოში მომხდარი ხანძრის შემდეგ ჯართად იქცეოდა.

Lloyd's List-ის მიერ მოპოვებული ყიდვა-გაყიდვის დოკუმენტების, ღია მონაცემთა ბაზებისა და გაჟონილი დოკუმენტების ანალიზის მიხედვით, რომელიც განთავსებულია WikiIran-ის (ორგანიზაცია, რომელიც ამჟღავნებს კონფიდენციალურ მონაცემთა ბაზებს, დოკუმენტებს და შიდა კორესპონდენციას ირანის ისლამური რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებიდან) ვებსაიტზე, ჯმუხაძე ასევე დაკავშირებულია 13 სხვა გემთან. ეს ტანკერები მონაწილეობენ ირანული თხევადი ბუნებრივი აირის გადატანაში ოფიციალურად ჯმუხაძის კონტროლქვეშ მყოფი არაერთი პანამური კომპანიის გავლით. 

ამის პარალელურად, Lloyd's List-ის გამოძიებაში ნათქვამია, რომ იმავე მეთოდით, როგორც White Purl-ის მიერ ადგილმდებარეობის გაყალბება, AIS მონაცემებისა და სატელიტური გამოსახულების ანალიზით დაადგინეს, შესაძლებელი გახდა ჯმუხაძისა და ფლოტის სხვა გემებს შორის კავშირების დადგენა.

გამოძიების მასალებში ასევე ვკითხულობთ, რომ სავარაუდოდ ჯმუხაძის მიერ კონტროლირებადი ბუნებრივი აირის გადამტანი ტანკერების უმეტესობა ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმართავდნენ როგორც ლოკაციის გაყალბების ტაქტიკას, ასევე სხვა მთელ რიგ არალეგალურ გზებს. Lloyd's List-ი არ აზუსტებს, კერძოდ, სხვა რა სახის ქმედებებში არიან ჩართული ეს გემები, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს ტაქტიკა გამოიყენება რუსული, ვენესუელური და ირანის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტანკერების ფლოტის მიერ.

გარდა ამისა, Lloyd's List-მა ვერ დაადგინა, იყო თუ არა ჯმუხაძე უბრალოდ ფლოტის რეალური ბენეფიციარი მესაკუთრის მიერ დანიშნული ნომინალური მფლობელი. საგამოძიებო მასალაში ასევე ნათქვამია, რომ არ არსებობს სამხილი ან ვარაუდი იმისა, რომ ჯმუხაძემ, მისმა რესტორანმა ან აქამდე ხსენებულმა რომელიმე კომპანიამ პირდაპირ დაარღვიეს აშშ-ს სანქციები ან უკანონო საქმიანობაში იყვნენ ჩართული.

მიუხედავად ამისა, საგამოძიებო მასალებში ნათქვამია, რომ ჯმუხაძეს და პანამური კომპანიების სხვა დირექტორებს - ფატი სებუასა და ბონი სოუზას - "ჰქონდათ ცენტრალური მნიშვნელობა კორპორაციული ერთეულების კომპლექსურ წყებაში, რომლებიც ამ ფლოტის ოპერირების დასაშვებად შეიქმნა".

გამოძიებაში აღნიშნულია ისიც, რომ ფატი სებუა თამილა ჯმუხაძის (სოციალურ ქსელში თამუნა ჯმუხაძე) Facebook პოსტებს აქტიურად იწონებს. ჯმუხაძე ერთ-ერთ ასეთ პოსტში 2020 წელს აღნიშნავს, რომ სებუა მისი ნათლულია. რაც შეეხება ბონი სოუზას, იგი ინდოეთის მოქალაქეა, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების რეზიდენტიცაა.

თამილა ჯმუხაძესთან დაკავშირებული ტანკერები და კომპანიები

როგორც Lloyd's List-ი აღნიშნავს, ჯმუხაძესთან დაკავშირებული ყველა გემი, გარდა ერთისა, პანამის დროშის ქვეშ ცურავს. 2020 წელს პანამის გამოძიებით ასვე დადგინდა, რომ მათგან ხუთი გემი თაღლითურ პრაქტიკაშია ჩართული.  

"სამხრეთ ლონდონის რესტორნის მფლობელის ჩართვა პანამაში დაფუძნებული კომპანიების ქსელის მეშვეობით ირანული LPG მიწოდების ხელშეწყობაში, ერთი შეხედვით, ხაზს უსვამს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ხარვეზს". - თქვა კლერ იუნგმანმა, რომელიც მუშაობს აშშ-ში დაფუძნებულ ორგანიზაციაში - გაერთიანებული ბირთვული ირანის წინააღმდეგ (UANI), რომელიც ცდილობს ირანის მთავრობის ბირთვული პროგრამისა და ბირთვული იარაღის განვითარების შესაჩერებლად ზეწოლა მოახდინოს კომპანიებზე, შეწყვიტონ ირანთან ბიზნეს ურთიერთობა. 

"პანამის, როგორც ამ სუბიექტების კერის მუდმივი როლი უკიდურესად შემაშფოთებელია, რადგან უკანონო ვაჭრობის შედეგად, ის დაფინანსების გაცემის საშუალებას იძლევა ირანის ტერორისტული მარიონეტების მხარდასაჭერად, როგორიცაა, მაგალითად, ჰამასი. ეს სიტუაცია ხაზს უსვამს ზედამხედველობისა და აღსრულების უფრო ძლიერი მექანიზმების გადაუდებელ აუცილებლობას სანქციების აღსრულებისას ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად“. - დაამატა იუნგმანმა.

Lloyd's List-ის სადაზვერვო მონაცემების, სატელიტური სურათების და UANI-ს მონაცემების გაერთიანებით, Lloyd's List-ის ანალიტიკურმა ჯგუფმა გამოავლინა ჯმუხაძესთან დაკავშირებული მინიმუმ 10 ხომალდი. ეს გემები გამორთული ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემის (AIS) პირობებში ირანულ ტვირთის გადატანაში არიან ჩართულები. 

გამოძიების ფარგლებში, გამოიკვეთა ისიც, რომ 2018-2021 წლებში ჯმუხაძის კომპანიებმა $150 მილიონი დახარჯეს LPG-ის გადამზიდი მინიმუმ 14 ტანკერის ყიდვაზე. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი შესყიდვები ემთხვევა ირანული ნავთობისა და გადაზიდვის სექტორზე აშშ-ს მიერ სანქციების ხელახალ დაწესებას. 

Lloyd's List-ის მიხედვით, ჯმუხაძის მიერ კონტროლირებადი კომპანიები იყვნენ, სულ მცირე, LPG-ის გადამზიდი 5 მცირე ტანკერისა და ბუნებრივი აირის გადამზიდი 9 დიდი ტანკერის რეგისტრირებული მფლობელები. მათგან თითოეულს 44 0000 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეუძლია.

2022 წლის მარტიდან, 5 ხომალდის გარდა, ჯმუხაძის ყველა ტანკერი გაიყიდა ფიქტიურ კომპანიებზე, რომლებიც რეგისტრირებულია პანამურ იურიდიულ ფირმაში  KARNAKIS & KARNAKIS.  გამოძიებაში ასევე ნათქვამია, რომ გაყიდვის მიუხედავად, მათი სავაჭრო აქტივობა ძირითადად უცვლელი რჩება და ისინი აგრძელებენ გადაზიდვები პარალელურად თაღლითური პრაქტიკის გამოყენებას.

გარდა ამისა, WikiIran-ის გამოქვეყნებულ სანქცირებული ირანული ნავთობქიმიური ბროკერის სპარსეთის ყურის ნავთობქიმიური ინდუსტრიის კომერციული კომპანიის (PGPICC) ოფიციალური წერილების თანახმად, ფლოტმა ასობით მილიონი დოლარის ღირებულების LPG გაგზავნა ნავთობქიმიური გიგანტისთვის. Lloyd's List-ის მიერ ნანახი ერთ-ერთი ინვოისის მიხედვით, 44 000 ტონა პროპანისა და ბუტანის ტვირთის ფასი, რომელიც აგვისტოში ჯმუხაძესთან დაკავშირებული ტანკერის, VLGC Gas Leader-ის ბორტზე გაიგზავნა, $30 მილიონზე მეტი იყო.

WikiIran-ის დოკუმენტები ასევე აჩვენებს მნიშვნელოვან კავშირებს LPG-ის გადამზიდებსა და PGPICC-ს შორის გლობალური კორპორაციული სტრუქტურების მეშვეობით, ასევე თაღლითური ტაქტიკების გამოყენებას იმ პერიოდში, რა დროსაც ჯმუხაძე ამ გემებს ფლობდა.

ამასთანავე, Lloyd's List-ის გამოძიებაში ნათქვამია, რომ გაჟონილი დემურაჟის ინვოისები, რომლებიც ფიქტიურმა კომპანიებმა გასცეს, მაგრამ მათ გაგზავნაში PGPICC-ის თანამშრომლები იყვნენ ჩართულები, მოწმობს, რომ ირანული ნავთობქიმიური გიგანტი ამ გემებიდან მინიმუმ რამდენიმეს ოპერატორია.

"გაჟონილი დოკუმენტები ხაზს უსვამს სქემის დახვეწილ და ვრცელ ხასიათს ტვირთის წარმოშობისა და ფლოტის ნამდვილი ბენეფიციარი მესაკუთრეების დამალვის მიზნით". - ნათქვამია საგამოძიებო მასალაში.

Lloyd's List-ი ასევე აღნიშნავს, რომ ჯმუხაძესთან დაკავშირებული LPG-ის თითქმის მთელი ფლოტი დაზღვეული იყო რუსულ კომპანია Ingosstrakh-ში. ამასთან, როგორც ჩანს, რუსულმა კომპანიამ შეწყვიტა მათი დაზღვევა მას შემდეგ, რაც UANI დაუკავშირდა კომპანიას და აცნობა, რომ ერთ-ერთი დაზღვეული ხომალდი ირანული სანქცირებული საქონლით ვაჭრობაში იყო ჩართული. ამასთან, Ingosstrakh-მა დაადასტურა, ხომალდ Danuta I-ის დაზღვევის გაუქმების შესახებ გავრცელებული ცნობა, მაგრამ თავის მიმდინარე და ყოფილ კლიენტებთან დადებული კონტრაქტების დეტალებზე კომენტირებისგან თავი შეიკავა. 

"ვმუშაობთ ყველა მოქმედი კანონმდებლობის მკაცრი დაცვით და მივყვებით შიდა შესაბამისობის მკაცრ პროცედურებს. ჩვენ რეგულარულად ვაფასებთ ჩვენს კლიენტებთან დაკავშირებულ რისკებს ინფორმაციის ყველა არსებული წყაროს გამოყენებით". - Lloyd's List-ის ცნობით, ამბობენ რუსულ სადაზღვევო კომპანიაში.

ამასთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ჯმუხაძის ფლოტთან დაკავშირებული გემები 2022 წელს არ ასრულებდნენ მეზღვაურების წინაშე აღებულ ვალდებულებებს, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო ხელფასის გადაუხდელობასთან. 

გამოძიებაში ნათქვამია ისიც, რომ ჯმუხაძე ასევე არის პანამური ფიქტიური კომპანიის Eltigre Maritime-ის პრეზიდენტი, 1991 წელს აგებული, ირანის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის Suezmax Souzana-ს რეგისტრირებული მფლობელი, რომელსაც 2019 წლის სექტემბრის შემდეგ არ გაუმჟღავნებია მისი ადგილმდებარეობა.

"Lloyd's List-მა რამდენჯერმე სცადა თამილა ჯმუხაძესთან დაკავშირება. თუმცა, ბოლო 5 კვირის განმავლობაში მის პირად მისამართზე გაგზავნილი და რესტორანში დატოვებულ წერილები უპასუხოდ დატოვა. მას შემდეგ, რაც 9 ნოემბერს მას სოციალური მედიის საშუალებით დავუკავშირდით, ჯმუხაძემ, რომელიც ასევე იყენებს სახელ თამუნას, რეპორტიორი დაბლოკა". - აღნიშნულია  Lloyd's List-ის გამოძიებაში.


სტატიის ვებგვერდზე განთავსებიდან რამდენიმე დღეში თამილა ჯმუხაძე ტაბულას დაუკავშირდა და გამოქვეყნებული მასალის საპასუხოდ აღნიშნა:

"23 ნოემბერს თქვენს ჟურნალში დაიბეჭდა სტატია სათაურით “ქართველი ქალი ირანისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის სქემის ცენტრში”. სტატია ეყრდნობა Lloyd’s List-ის 2023 წლის 17 ნოემბერს გამოქვეყნებულ მასალებს და ახლავს ერთ-ერთი თანაავტორის პოსტი ტვიტერიდან. მიუხედავად იმისა, რომ ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სქემა უკანონო არ არის და დანაშაულის ნიშნები არ აღინიშნება, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავს სქემასთან მიმართებაში ჩემი სახელის გამოყენება. არც ორიგინალურ და არც ქართულ ვერსიაში გაჟღერებულ ინფორმაციას არ აქვს საფუძველი.

ვცდილობ, მოვიძიო როგორ მოხდა ჩემი სახელის მიბმა ამ ჩემთვის უცნობ სქემასთან. თუმცა მანამდე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ მაქვს კავშირი ამასთან. ამის შესახებ პირველად შევიტყვე მასმედიის მეშვეობით. ამჟამად ჩემი ადვოკატების დახმარებით მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის მოკვლევა თბილისში და ლონდონში. აქედან გამომდინარე გთხოვთ, სტატიაში მოხსენიებულ გარემოებების მიმართებაში თავი შეიკავოთ ჩემი პერსონალური ინფორმაციისა თუ ფოტოების შემდგომი გავრცელებისაგან".

ქალბატონი თამილა ჯმუხაძის პასუხად ტაბულა ხაზს უსვამს, რომ ქართულად გამოქვეყნებული მასალა სრულიად ეყრდნობა Lloyd's List-ის ჟურნალისტურ გამოძიებას, არის თარგმანი და არ აქვს მტკიცებითი ფორმა. სქემის ლეგალური მხარის განხილვა არ ყოფილა სტატიის მიზანი და მედია სამართლებრივ მოვალეობას ვერ შეითავსებს. ამას გარდა, მედიას აქვს სრული უფლება, გამოიყენოს ღია, საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროები და გამოძიებაში არსებული ფოტომასალა. გამოყენებული მასალის გამოქვეყნებასა და ინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებელია Lloyd's List-ი.

კომენტარები