პრიგოჟინის ამბოხება

The Moscow Times: პრიგოჟინი აჯანყების დღეს დუმაში კრიტიკულ გამოსვლას გეგმავდა

2023 წლის 23 ივნისს, როდესაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლებმა აჯანყება დაიწყეს, მათი ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის დუმაში სიტყვით გამოსვლას და რუსული არმიის ხელმძღვანელობის მკაცრ კრიტიკას გეგმავდა. ამის შესახებ The Moscow Times საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

"პრიგოჟინი აპირებდა ჩრდილოეთის სამხედრო ოლქისა და თავდაცვის სამინისტროს შესახებ მთელი სიბნელის გახმოვანებას. იმის შესახებ, თუ რამდენი მსხვერპლია რეალურად ჩვენს ჯარისკაცებს შორის. ზოგადად მთელი ამ კოშმარის შესახებ. მის ვიზიტს მისივე თანაშემწეები ამზადებდნენ". - უთხრა გამოცემას წყარომ.

როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, პრიგოჟინი იმედოვნებდა, რომ ამ გზით რუსეთის პრეზიდენტის ყურადღების მიქცევას შეძლებდა და მოიპოვებდა მის მხარდაჭერას თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან და გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან, ვალერი გერასიმოვთან დაპირისპირებაში.

წყაროს თქმით, პრიგოჟინმა რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერს, ვიაჩესლავ ვოლოდინს სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გაზაფხულზე მიმართა, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ კი პრიგოჟინი დუმის ლიდერებისგან საიდუმლოდ ტრიბუნაზე ასვლას პარტია სამართლიანი რუსეთის დახმარებით გეგმავდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, პრიგოჟინი საკუთარ გარემოცვასთან ერთად სერიოზულად განიხილავდა დუმაში რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, გენერალ სერგეი სუროვიკინის თანხლებით მისვლას. სუროვიკინმა ვაგნერის წარუმატებელი აჯანყების შემდეგ თანამდებობა დაკარგა.

ამავდროულად, წყარო აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული გასაიდუმლოებული გეგმა გამოსვლის წინა დღეს, 22 ივნისს ჩავარდა, როდესაც პრიგოჟინმა ყოველგვარი განმარტების გარეში დუმაში გამოსვლაზე უარი თქვა.

რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში. იმავე დღეს, ბელარუსის ავტოკრატი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით, ამბოხი შეწყდა და ვაგნერმა დაკავებული ტერიტორიებიდან სამხედროები გაიყვანა.

კომენტარები