პრიგოჟინის ამბოხება

MT: პრიგოჟინის ამბოხის დეტალური გაშუქების გამო რუსული სამთავრობო მედიის დირექტორი მოხსნეს

სერგეი მიხაილოვი
Sergei Bobylev/TASS

დამოუკიდებელი რუსულენოვანი გამოცემა The Moscow Times-ი 5 ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის გენერალური დირექტორი, სერგეი მიხაილოვი პრიგოჟინის ამბოხის "ზედმეტად დეტალური" გაშუქების გამო თანამდებობიდან მოხსნეს.

როგორც გამოცემა წერს, მიხაილოვი, რომელიც რუსული სახელმწიფო მედიის ხელმძღვანელის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა, პოსტიდან 5 ივლისს დაითხოვეს და მისი გათავისუფლების შესახებ ТАСС-ის თანამშრომლებს სააგენტოს ოფისში მისულმა რუსეთის ვიცეპრემიერმა, დმიტრი ჩერნიშენკომ აცნობა.

გამოცემის ცნობით, ახალ ხელმძღვანელად 2018 წელს გადაღებული ფილმის, პუტინის ავტორი, რუსეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კომპანიის (ВГТРК) გენერალური დირექტორის მოადგილე და რუსეთის პრეზიდენტის საარჩევნო შტაბის ყოფილი პრესმდივანი, ანდრეი კონდრაშოვი დაინიშნა.

The Moscow Times-ის ინფორმაციით, კრემლში უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ ТАСС-მა 24 ივნისს როსტოვში მიმდინარე მოვლენები სწრაფად და დეტალურად გააშუქა. სწორედ ეს მედია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ვაგნერის მებრძოლების მიერ დონის როსტოვის დაკავების ამსახველი ფოტოები გაავრცელა მაშინ, როდესაც რუსეთის მმართველი წრეები პანიკაში იყვნენ.

"ТАСС-მა ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად და სწრაფად გააშუქა. რაღაც სიგიჟე დაემართათ. დაავიწყდათ, რომ მათი მთავარი ამოცანა არა ახალი ამბების შეტყობინება, არამედ კრემლისთვის იდეოლოგიურად სწორი ნარატივის შექმნაა". - უთხრა The Moscow Times-ს ერთ-ერთმა წყარომ.

გამოცემის თანახმად, კრემლისთვის ბოლო წვეთი აჯანყების დროს მიხაილოვის მიერ მოსკოვის დატოვება გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მან რუსეთის დედაქალაქის დატოვება The Moscow Times-ისთვის წერილობით გაგზავნილ პასუხში უარყო, გამოცემას რამდენიმე წყარომ, მათ შორის მიხაილოვის დიდი ხნის ნაცნობმა, დაუდასტურეს, რომ ის მოსკოვიდან ნამდვილად გაფრინდა, თუმცა, შემდეგ დაურეკეს და უთხრეს, სასწრაფოდ დაბრუნებულიყო.

აღსანიშნავია, რომ მიხაილოვი არ იყო ერთადერთი გამოჩენილი ფიგურა, რომელმაც ვაგნერის აჯანყების დროს რუსეთის დედაქალაქი დატოვა. The Moscow Times-ის ცნობით, მოსკოვიდან, სავარაუდოდ, გაფრინდნენ პუტინის ბავშვობის მეგობარი, მილიარდერი არკადი როტენბერგი, ვიცეპრემიერი დენის მანტუროვი, მილიარდერი ვლადიმირ პოტანინი, ასევე, Интер РАО-ს ხელმძღვანელი და პუტინის ბავშვობის მეგობარი, იური კოვალჩუკის ვაჟი, მილიარდერი ბორის კოვალჩუკი.

გამოცემის ცნობით, აჯანყების დროს უსაფრთხოების სამსახურის რეკომენდაციით მოსკოვი დატოვა თავად ვლადიმირ პუტინმაც.

რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

ვაგნერის ძალები 24 ივნისის გამთენიისას შევიდნენ დონის როსტოვში. იმავე დღეს, ბელარუსის ავტოკრატი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით, ამბოხი შეწყდა და ვაგნერმა დაკავებული ტერიტორიებიდან სამხედროები გაიყვანა.

კომენტარები