ლელო

ლელო ოცნებას: სასწრაფოდ დაადგინეთ, რა საქმიანობას ეწევა 22 582 რუსული კომპანია

ლელო

პარტია ლელო საქართველოსთვის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი მონაცემები წარადგინა, რის მიხედვითაც, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრამდე საქართველოში 25 333 რუსული კომპანია ან ბიზნეს სუბიექტია რეგისტირებული. კუპრაძის მტკიცებით, მათი უმეტესობის საქმიანობის შესახებ სახელმწიფოს ინფორმაცია არ მოეპოვება.

კუპრაძის მითითებით, ქვეყნის ეროვნული და ეკონომიკური ინტერესები ქართული ოცნების პრორუსული პოლიტიკის გამოა საფრთხეში. კერძოდ, ლელოს გენერალური მდივნის თქმით, ოცნების მმართველობის პირობებში ქართულ ბაზარზე მოქმედი რუსული სუბიექტების საქმიანობა არ შეისწავლება და რეგულირდება.

"მთავარი საფრთხე, რომელიც წარმოდგენილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, არის რიცხვი - 25 333 რუსული სუბიექტისგან 22 582 სუბიექტის შესახებ ინფორმაცია უცნობია, მათი საქმიანობის პროფილი უცნობია. ქართული სახელმწიფო ქართული ოცნების პირობებში არ სწავლობს რუსული კომპანიების და ბიზნეს სუბიექტების საქმიანობას ამ ქვეყანაში [...] ეს ცალსახად ნიშნავს, რომ მათი საქმიანობა არ არის შემოწმებული შრომის ინსპექციის და საგადასახადო სამსახურების მიერ, არ არის სახლმწიფოს ბალანსზე ინფორმაცია, 22 582 რუსული სუბიექტი რას აკეთებს". - თქვა ირაკლი კუპრაძემ.

კუპრაძის ხაზგასმით, ეს მდგომარეობა ასევე არასასურველ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მოსახლეობას.

"ძირითადად, რუსულ კომპანიებს ან ოკუპანტი სახელმწიფოსგან რუსულ სუბიექტებს აქვს ათვისებული მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, რის ხარჯზეც საქართველოს მოსახლეობას უჭირს დასაქმება". - აღნიშნა კუპრაძემ.

ირაკლი კუპრაძე სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეისწავლონ რუსული კომპანიებისა და სუბიექტების ეკონომიკური საქმიანობა.

"დღეს ერთადერთი გამოსავალი არის სახელმწიფო უწყებებმა სასწრაფო რეჟიმში შეისწავლონ იმ 22 582 კომპანიის საქმიანობის პროფილი და დაადგინონ, რა საქმიანობას ეწევიან ისინი. ცხადია, რომ ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერში რისკებს. მოსახლეობა ამ ყველაფერს მძიმედ შეაფასებს იმიტომ, რომ ისინი არ იხდიან გადასახადებს, მათ არ აქვთ სამუშაო ნებართვები, ისინი ქართულ ოცნებასთან ერთად ძარცვავენ საქართველოს ბიუჯეტს და უთანასწორო მდგომარეობაში გაყენებენ თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს". - თქვა ლელოს გენერალურმა მდივანმა.

20 ნოემბერს ლელომ "საქართველოს დაცვის აქტი" წარადგინა, რომელიც 9 პუნქტს მოიცავს. პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ხაზგასმით აქტი მიზნად "საქართველოში რუსეთისა და რუსეთის გავლენის დასრულებას" ისახავს.

კომენტარები