სამშაბათს, 21 ნოემბერს ჩინეთმა განაცხადა, რომ არგენტინის მხრიდან კავშირების გაწყვეტა "სერიოზული შეცდომა" იქნება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, მაო ნინგმა რეგულარულ საინფორმაციო ბრიფინგზე თქვა, რომ არგენტინასთან ორმხრივი ურთიერთობის განვითარება კარგ იმპულსს ავლენდა და ახლა ქვეყნებს შორის კავშირების გაწყვეტა შეცდომა იქნება.
"ორ მხარეს ძლიერი ეკონომიკური თავსებადობა და თანამშრომლობის უზარმაზარი პოტენციალი აქვს... ჩინეთს სურს მუშაობა არგენტინასთან, რათა ხელი შეუწყოს ორმხრივი ურთიერთობების სტაბილურობასა და გრძელვადიან განვითარებას". - თქვა მაომ.
არგენტინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ საარჩევნო კამპანიის დროს ჩინეთის მთავრობა "მკვლელს" შეადარა და თქვა, რომ ჩინელები "არათავისუფალი" ხალხია.
ამასთან, რუსული RIA-ს ინფორმაციით, დიანა მონდინომ, ეკონომისტმა, რომელიც მილეის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს, თქვა, რომ არგენტინა BRICS-ის ეკონომიკურ ჯგუფს, სადაც რუსეთისა და ჩინეთის მაღალი გავლენაა, არ შეუერთდება. არგენტინა ერთ-ერთი იყო იმ ექვსი ქვეყნიდან, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამართულ სამიტზე ბლოკის წევრად მიიწვიეს.
მილეის პოლიტიკა ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის, ალბერტო ფერნანდესისას რადიკალურად ეწინააღმდეგება. ეს უკანასკნელი გასულ თვეში პეკინსაც ეწვია და ჩინეთს არგენტინის "ნამდვილი მეგობარი" უწოდა.