რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გასულ ღამეს მოსკოვის ოლქსა და ქალაქ მოსკოვში მდებარე ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს.
როგორც უწყების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, თავდასხმა 19 ნოემბერს, მოსკოვი დროით 23:20-ზე მოიგერიეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მეშვეობით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ წერს მოჰყვა თუ არა ზარალი დრონის ჩამოვარდნას.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ უპილოტო საფრენი აპარატი ელექტროსტალის დასახლების მახლობლად ჩამოაგდო. როგორც მოსკოვის საქალაქო ოკრუგის მეთაური, ინნა ვოლკოვა ირწმუნება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც არაფერი დაზიანებულა.
ბოლო პერიოდში მოსკოვზე დრონით თავდასხმის მცდელობის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირი იყო 2023 წლის გაზაფხულზე.