პუტინის რუსეთი

რუსეთში 7 წელი მიუსაჯეს მხატვარს, რომელიც ფასმაჩვენებლებს ომის ისტორიებით ანაცვლებდა

საშა სკოჩილენკო
Baza

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ მხატვარ საშა სკოჩილენკოს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2022 წლის მარტში დაკავებულ სკოჩილენკოს კოლონიაში პატიმრობის მოხდა "არმიაზე ფეიკების გავრცელების" გამო მოუწევს. მხატვარმა ერთ-ერთ სუპერმარკეტში ფასმაჩვენებლები ფურცლებით ჩაანაცვლა, რომლებზეც უკრაინის ომში მიმდინარე ამბები იყო დაბეჭდილი. 

მაგალითისთვის ერთ-ერთ ფურცელზე ეწერა "რუსულმა არმიამ დაბომბა მარიუპოლი, რომელშიც 400 მეტი ადამიანი იმალებოდა". 

სკოჩილენკო ახალი ფასმაჩვენებლებით აღშფოთებული 76 წლის პენსიონერის ჩივილის საფუძველზე დააკავეს. მომჩივანმა მედიასთან ინტერვიუში თქვა რომ თუ "(სკოჩილენკოს) რუსეთი არ მოსწონს, შეუძლია საზღვარგარეთ წაეთრიოს".

სასამართლო პროცესზე მხატვრის მხარდასაჭერად ასამდე ადამიანი მივიდა, ერთი მათგანი პოლიციამ დააკავა, მას ხელში სკოჩილენკოს მხარდამჭერი პოსტერი ეჭირა. პროცესს ასევე ესწრებოდა ცნობილი რუსი რეჟისორი ალექსანდრე სოკუროვი.

"მიუხედავად იმისა, რომ გისოსებს მიღმა ვარ, თქვენზე უფრო თავისუფალი ვარ. შემიძლია საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება, სამსახურიდან წასვლა, თუ რამე ისეთს დამავალებენ, რის კეთებაც არ მინდა. მე არ მყავს მტრები, არ მეშინია ფულისა და სახლის გარეშე დარჩენის. თქვენო უმაღლესობავ! მესმის, რომ ეს თქვენთვის მხოლოდ სამსახურია, მორიგი საქმე და ალბათ ამ რუტინის გამო ზოგჯერ გავიწყდებათ რა არის ჭეშმარიტება. ამ შემთხვევაში თქვენს ხელშია ჩემი ბედი, ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ახლობლების ბედნიერება. მჯერა, რომ თქვენს ძალაუფლებას ბრძნულად გამოიყენებთ". – მიმართა მოსამართლეს სკოჩლენკომ.

კომენტარები