რუსეთი

რუსეთი სკოლის მოსწავლეებისთვის დრონების მართვისა და საბრძოლო ტაქტიკის სწავლებას გეგმავს

TACC

მომავალი სასწავლო წლიდან რუსეთის სკოლებში სასწავლო პროგრამას, შესაძლოა, ახალი საგანი დაემატოს - "სამშობლოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საფუძვლები". სასკოლო სასწავლო გეგმაში შესატანი ცვლილებების პროექტი ოფიციალურ პორტალზეა განთავსებული.

ახალი კურსის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან კომბინირებული იარაღის საბრძოლო ტაქტიკას და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას, ასევე სამხედრო სამსახურის წესებს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ასეთი ცოდნა აუცილებელია მოზარდებისთვის პროფესიის არჩევისთვის, მათ შორის სამხედრო სკოლებსა და უნივერსიტეტებში მოსახვედრად.

ახალი კურსის სწავლება, რომელიც დაემატება უკვე არსებულ საგანს "სიცოცხლის უსაფრთხოების საფუძვლები", რუსეთის სკოლებში მეხუთე კლასიდან დაიწყება. Парламентская газета-ს ცნობით, მის ფარგლებში ბავშვებს განუვითარდებათ "სამშობლოსადმი სიამაყის გრძნობა და პასუხისმგებლობა კონსტიტუციური მოვალეობის - სამშობლოს დაცვის მიმართ". ამავე ინფორმაციით, მე-10-მე-11 კლასებში მას დაემატება ძირითადი სამხედრო მომზადების ელემენტების გაცნობა, მათ შორის ტაქტიკური და ცეცხლსასროლი იარაღების გამოყენებაზე ვარჯიში, ასევე უსაფრთხოების ზომების მნიშვნელობა იარაღის გამოყენებისას. 

განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა ანა ტიმოფეევამ გამოცემა Ведомости-სთან თქვა, რომ ახალი საგნის ფარგლებში მოსწავლე გოგონებს აქცენტი სამედიცინო ცოდნის მიღებაზე ექნებათ, რათა საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ინსტრუქტორების როლი შეასრულონ.

კომენტარები