ლაზარე გრიგორიადისის საქმე

გრიგორიადისი: მითხრეს, რომ აღიარებითი ჩვენება უნდა მიმეცა, თორემ ჩემს მეგობარს დაიჭერდნენ

რადიო თავისუფლებასთან მიცემულ ინტერვიუში ლაზარე გრიგორიადისმა დაკავებისას პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე ისაუბრა და თქვა, რომ აღიარებითი ჩვენება მუქარის ქვეშ დააწერინეს. 

"ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დამიწყო იმაზე საუბარი, რომ აღიარებითი ჩვენება უნდა მიმეცა, თორემ ჩემ მეგობარს დაიჭერდნენ. თქვი, რომ მოლოტოვი შენ ისროლე და მანქანა დაწვი და მარტო შენ დაგიჭერთ, შენი მეგობრები გადარჩებიანო". – წერია გრიგორიადისის მიერ მიცემულ ინტერვიუში. 

მისივე თქმით, სამართალდამცავებმა დაკითხვისას ადვოკატის ყოლისა და ოჯახთან დარეკვის უფლება შეუზღუდეს. 

"კაბინეტში ჩემგან მოშორებით მჯდომი ქალი თანამშრომელი ტანსაცმელს ლუქავდა, მეორემ ჩემი უფლებები განმიმარტა, ზარის განხორციელება და ადვოკატის ყოლის უფლება თუ მაქვს, ორივეს გამოვიყენებთქოკართან ის მაღალჩინოსანი იდგა, აღიარებაზე ვინც მესაუბრა და გამაფრთხილა ადვოკატის გარეშე მიცემ ჩვენებასო. მაგან რომ გაიგო ჩემი პასუხი, ამ გოგოს დაუძახა, მოდიო. შეშფოთებული სახით დაბრუნდა იქიდან, აშკარად არ მოეწონა რაც უთხრეს, უბრალოდ სასამართლოზე ვერ გაბედა სიმართლის თქმა, რომ მითხრა, ამჯერად უადვოკატოდ დავწეროთ და მერე ადვოკატთან ერთად ჩავასწოროთო". – წერია გრიგორიადისის მიერ მიცემულ ინტერვიუში. 

გრიგორიადისი ასევე წერს, რომ სამართალდამცავებმა ადვოკატთან დარეკვის საშუალება დაკითხვამდე, დაკავებისას ოქმის დაწერის შემდეგაც არ მისცეს. 

"ოქმის შედგენის მერე გამჩხრიკეს და მერე მომაწოდეს ეს ჩემი ტელეფონი, აჰა, დარეკე ადვოკატთანო, მითხრა ერთმა, მადლობა მეთქი. მარტივი პინი მქონდა, გავხსენი და მომენტალურად გამომგლიჯა ხელიდან ტელეფონი". – წერს გრიგორიადისი. 

მისივე თქმით, მანამდე, როცა სამართალდამცავებმა მანქანა ოქმის დასაწერად ნაკლებად ხალხმრავალ ადგილას გააჩერეს, გრიგორიადისმა ტელეფონის გამოყენება სცადა, რის შემდეგაც პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა წაართვა, პროცესში კი დაამტვრია, რასაც, პოლიციელების თქმით, ვერ დაამტკიცებდა. 

"ოქმს ვინც ადგენდა, იმას ვკითხე, ნორმალურია ტელეფონი რომ დამიმტვრია ამანთქო? იმან გამოხედა [პოლიციელს] შენ გატეხე ტელეფონიო? იმან არაო, მეორეს კითხა, შენ დაინახე რომ ამან გატეხა ტელეფონიო, იმანაც არაო, მეც არ დამინახავს შენი ტელეფონის გატეხვა, სამი კაცი ვართ და ვიძახით, რომ გატეხილი იყო ეგ შენი ტელეფონი და მიდი და დაგვიმტკიცე რომ აქ გაგიტეხეთო". – წერს გრიგორიადისი.

გრიგორიადისის თქმით, სანამ დააკავებდნენ, სამართალდამცავები უთვალთვალებდნენ და, მათი მტკიცების მიუხედავად, მისი ადგილსამყოფელი იცოდნენ. გრიგორიადისი წერს, რომ ერთ-ერთი შემთხვევისას ტაქსი გამოიძახა, რომლის მძღოლიც პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა.

"სანამ დამაკავებდნენ, მანამდე, სადღაც მარტის შუა რიცხვებში ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა, შენი გვარი და სახელი გავიგე პოლიციის სამმართველოშიო. მერე მოხდა ასეთი ფაქტი: ჩემს მეგობართან მივდიოდი, გამოვიძახე ტაქსი და მძღოლი დამხვდა პოლიციის ფორმაში. გზაში ფოტოები გადავუღე და მეგობრების საერთო ჩათში ჩავაგდე, მითხრა, თანამშრომელი ვარ, იანდექსზეც ვმუშაობ დამატებითი ფინანსებისთვისო. მოკლედ, ვიცოდი რომ მითვალთვალებდნენ". – წერს გრიგორიადისი.

ის ასევე წერს, რომ დაკავებისას მეგობართან იმყოფებოდა და სხვა მეგობართან მიდიოდა, როდესაც მის მოპირდაპირედ პოლიციის მანქანა გამოჩნდა და სამართალდამცავებმა ახსნა-განმარტებისა და შესაბამისი წესის დაცვის გარეშე მისი დაკავება დაიწყეს. 

"ტელეფონს დავხედე, რომ ტაქსის მარშრუტი შემემოწმებინა - წამებში ჩემს მოპირდაპირედ გაჩნდა პოლიციის მანქანა და იქიდან გადმოსულმა ორმა ადამიანმა დაიწყო მანქანაში ჩატენა ისე, რომ მათი სახეების დანახვაც ვერ მოვასწარი. არაფერი აუხსნიათ, ყვიროდნენ ჩაჯექი მანქანაშიო. არ ვჯდებოდი და კიდევ ერთი კაცი დაემატათ. ამ დროს წინ ავტობუსმა გააჩერა და დავიწყე ყვირილი, მიტაცებენ, მომეხმარეთთქო, მარა რეაქცია არავის ქონია. მივხვდი, რომ ტყუილად ვუძალიანდებოდი და ჩავჯექი მანქანაში". – წერს გრიგორიადისი. 

კომენტარები