არჩევნები 2024

დღის წესრიგიდან მოხსნილია ეს დაპირება – კობახიძე ბარიერის დაწევაზე

კადრი ვიდეოდან/იმედი

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მისი 2022 წლის ივლისში გაკეთებული განცხადება, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში 2024 წლის არჩევნები 2%-იანი ბარიერით ჩატარდებოდა, დღის წესრიგიდან მოხსნილია, რადგან დაპირება 2022 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა.

"პირველ რიგში, რაც შეეხება ე.წ. დაპირებას, ეს არის აბსოლუტური სიცრუე. თავის დროზე, ჩვენი დაპირება როდესაც გაიცა 2022 წელს, ის უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას, თუმცა მაშინ გახსოვთ, ევროპულ საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია საქართველოსთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე დღის წესრიგიდან ეს დაპირება ავტომატურად მოიხსნა. 2022 წლის ივლისში გაიცა დაპირება 2022 წლის დეკემბერთან დაკავშირებით, ჩაიარა დეკემბერმა, იმის მერე 1 წელია ოპოზიციამ ყველაფერი გამოიყენა იმისთვის, რომ რადიკალური დღის წესრიგი გაეგრძელებინა, შესაბამისად, აბსოლუტურად დღის წესრიგიდან მოხსნილია ეს დაპირება, ბუნებრივია, რომელიც უკავშირდებოდა 2022 წლის დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას.

ასევე, მინდა შეგახსენოთ, 2022 წლის 12 ოქტომბერს უკვე ცნობილი გახდა, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო აღარ იმსჯელებდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ამის შემდეგ 18 ოქტომბერს მე ბრიფინგზე უკვე დავაფიქსირე, რომ არავითარი ვალდებულება, დაპირება აღარ არსებობდა". - თქვა კობახიძემ.

2022 წლის 7 ივლისს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ საქართველო დეკემბერში ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემითა და 2%-იანი ბარიერით ჩატარდებოდა.

კომენტარები