საქართველოს პარლამენტი

ხვიჩია დეპუტატებისთვის ხელფასის გაზრდაზე: არ ვეთანხმებით, რადგან, ესეც ცოტაა

რაც შეეხება პარლამენტარებისთვის ხელფასის მომატების საკითხს. ჩვენ უცნაური პოზიცია გვაქვს - ამ ცვლილებებს არ ვეთანხმებით, ოღონდ, სხვა არგუმენტით. იმ არგუმენტით, რომ, ჩემი აზრით, ესეც ცოტაა. თუ იმ 150 ადამიანის შრომის ანაზღაურებაზე ვსაუბრობთ, რომელიც, ფაქტობრივად, 60-მილიარდიან ეკონომიკასა და 28-მილიარდიან ბიუჯეტს განკარგავს, მაშინ, ეს ადამიანები დღეს, ფაქტობრივად, სოციალურად დაუცველთა მდგომარეობაში არიან. 

რომ წარმოვიდგინო, ადამიანი, რომელიც თითქმის 30-მილიარდიან ბიუჯეტს განკარგავს და 3 500 ლარით ცხოვრობს და ამ ცვლილების შემდეგ, ვთქვათ, 6 000 ან 7 000 ლარით იცხოვრებს - ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავარკვიოთ, ეს პიროვნება ხომ არ იტყუება, ან შემთხვევით, წმინდანი ხომ არ არის [...] ჩემი აზრით, როცა ასეთ ადამიანს ამ ხელფასს სთავაზობ, რეალურად გამოდის, რომ ეძებ არა პოლიტიკოსებს, არამედ, სინამდვილეში ვეძებთ წმინდანებს, რომლებიც მზად არიან, ქვეყანას შეეწირონ, უფასოდ იმსახურონ, კორუფციაში არ გაერიონ, 28-მილიარდიანი ბიუჯეტი სწორად განკარგონ და ერთი თეთრი გადახვეული ფული არ აიღონ.

მაინტერესებს, წმინდანების ძიება რამდენად ეფექტურია და ამას ის ხომ არ სჯობს, რომ თუ ვინმე საკუთარ პროფესიაში წარმატებულია, შესაბამისი ანაზღაურებაც ჰქონდეს იმით, რომ აკრძალული არ ჰქონდეს ლეგალური საქმიანობა, რომელიც მთელ ქვეყანაში პოლიტიკოსების მიერ ფულის შოვნის კანონიერი გზაა - ლობიზმს ვგულისხმობ. თორემ, ხელფასის 5 000 ლარით მომატება ზუსტად ისეთივე უაზრობა იქნება, როგორიც დღეს გვაქვს ამის რეგულირების სახით.

თქვა გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 2025 წლიდან დეპუტატებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხს პირველი მოსმენით განიხილავენ. ქართული ოცნების კანონპროექტით, პარლამენტარების შრომითი ანაზღაურება 2025 წლის 1-ლი იანვრიდან 7 000-დან 8 500 ლარამდე იქნება. 

კომენტარები