პუტინის რუსეთი

პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზატორი პუტინმა შეიწყალა, ის უკრაინის ფრონტზე იბრძვის

სერგეი ჰაჯიკურბანოვი, ანა პოლიტკოვსკაია
Befunky

ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ორგანიზატორი სერგეი ჰაჯიკურბანოვი კოლონიიდან გათავისუფლდა და უკრაინის ფრონტზე გაემგზავრა. ინფორმაციას მისი ადვოკატი ალექსეი მიხალჩიკი ავრცელებს. 

"ჩემი ინფორმაციით ჰაჯიკურბანოვმა კონტრაქტი გააფორმა რუსეთის ფედერაციის სამინისტროსთან, რის შემდეგაც პრეზიდენტის შეწყალება მიიღო. მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩემი კლიენტი თავს დამნაშავედ არც მაშინ მიიჩნევდა და არც ახლა მიიჩნევს". – ამბობს მიხალჩიკი.

ანა პოლიტკოვსკაია მოსკოვში საკუთარი სახლის სადარბაზოში 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს. სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წელს ჩეჩნეთის მკვიდრმა, ლომ-ალი გაიტუკაევმა ჟურნალისტის მკვლელობის დაკვეთა მიიღო. გაიტუკაევმა ჯგუფი შეკრიბა, რომელშიც ძმები რუსტამ, ჯაბრაილ და იბრაგიმ მაჰმუდოვები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს(ГУВД) მოსკოვის განყოფილების თანამშრომელი დმიტრი პავლიჩენკოვი და ГУВД-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი ჰაჯიკურბანოვი.

2014 წელს სასამრთლომ ჰაჯიკურბანოვი დამნაშავედ ცნო და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ვადას მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდიდა.

გამოცემა Baza-ს ინფორმაციით ჰაჯიკურბანოვი პატიმრობიდან ჯერ კიდევ 2022 წელს გათავისუფლდა და უკრაინაში საომრად გაემგზავრა. 6-თვიანი მსახურობის შემდეგ(ამდენია საჭირო პატიმრობის გასაბათილებლად) ჰაჯიკურბანოვმა კონტრაქტი გაახანგრძლივა.

კომენტარები