13 ნოემბერს რუსეთის სამთავრობო მედიებმა ТАСС-მა და РИА Новости-მ გაავრცელეს ცნობა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები დნეპრის მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე, ხერსონის ოლქის ოკუპირებულ მონაკვეთში, "გადაჯგუფებას" აპირებდნენ. ეს ინფორმაცია ორივე გამოცემამ გამოქვეყნებიდან მცირე ხნის შემდეგ წაშალა.
როგორც თავდაპირველ ცნობაში ეწერა, რუსეთის დნეპრის დაჯგუფება აპირებდა ძალების დაუზუსტებელ, "უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე" გადაყვანას მდინარე დნეპრის აღმოსავლეთით. ამავე ინფორმაციაში ეწერა, რომ რუსეთის თავდაცვა დნეპრის დაჯგუფების ძალების ნაწილს გადატყორცნიდა შეტევითი ოპერაციების სხვა ლოკაციებზე.
"არსებული სიტუაციის შეფასებით, დნეპრის დაჯგუფების სარდლობამ გადაწყვიტა გადაისროლოს ჯარისკაცები უფრო მომგებიან პოზიციებზე, დნეპრის აღმოსავლეთით, აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. დნეპრის გადაჯგუფების შემდეგ გათავისუფლდება ძალების ნაწილი, რომლებსაც გამოიყენებენ იერიშისთვის სხვა მიმართულებებით, აღნიშნეს სამინისტროში". – ეწერა РИА Новости-ს მიერ საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობაში.
წარსულში სიტყვა "გადაჯგუფებაში" რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკან დახევასა და ტერიტორიის დატოვებას გულისხმობდა.
გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში რუსულმა სამთავრობო მედიებმა ცნობები წაშალეს. ТАСС-ზე გამოქვეყნდა ბოდიშის შემცველი წერილიც, სათაურით – სიახლის ანულირება.
"ახალი ამბავი "დაჯგუფება "დნეპრის" სარდლობამ მიიღო სამხედროების გადაჯგუფების გადაწყვეტილება", რომელიც 13 ნოემბერს, მოსკოვის დროით 10:48-ზე გამოქვეყნდა ანულირებულია, რადგან შეცდომით გამოქვეყნდა. ТАСС-ი ბოდიშს უხდის საკუთარ გამომწერებსა და მკითხველებს". – ნათქვამია რუსული სამთავრობო მედიის განცხადებაში.
РИА Новости-მ საკუთარ ტელეგრამ-არხზე გავრცელებული ცნობა ასევე წაშალა, თუმცა პოსტი TGStat-ზე შენახულია.
ამის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კომენტარი გააკეთა ხელისუფლებასთან დაკავშირებულ მედია РБК-სთან. უწყებაში ცნობას სიცრუე და პროვოკაცია უწოდეს.
აქამდე, გასულ დღეებში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ უკრაინული ძალები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასვლასა აქტიურად ცდილობდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კომენტარი მხოლოდ მედიასთან გააკეთა და ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. ამავე დღეს გამოაქვეყნეს დნეპრის დაჯგუფების პრესცენტრის დღის ანგარიში და ვიდეო, რომელშიც, მათი მტკიცებით ჩანდნენ უკრაინელი სამხედროები, რომლებიც მდინარის გადაკვეთის მცდელობის დროს ტყვედ აიყვანეს.
რუსული ტელეგრამ-არხი Осторожно, новости-ს მტკიცებით, მათთან РИА Новости-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ სააგენტომ ინფორმაცია შესაძლოა მიიღო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცრუ ანგარიშისგან, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინის ტერიტორიიდან კონტროლდება.
როგორც РБК წერს, გავრცელებულ ცნობაში ნათქვამი იყო, რომ უკრაინაში რუსეთის ძალების მეთაურმა (დასახელებული არაა, თუმცა იგულისხმება გენშტაბის მეთაური, ვალერი გერასიმოვი) მოისმინა დნეპრის დაჯგუფების სარდლობის მეთაურის (ასევე სახელის გარეშე ნახსენები - გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი) ანგარიშის და მის შეთავაზებას დათანხმდა. როგორც ამერიკული მილიტარისტული კვლევითი ორგანიზაცია, ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ახალ ანგარიშში ვარაუდობს, გადაჯგუფებაზე შესაძლოა მართლაც საუბრობდნენ რუსეთის ჯარის მაღალ ეშელონებში და მედიაში ინფორმაციამ ნაადრევად გაჟონა.
ამას გარდა, ISW-ს ვარაუდით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსულ სამთავრობო მედიებს, რომლებსაც უწყებებთან ახლო კავშირი აქვთ, ინფორმაცია მესამე პირისგან, ცრუ ანგარიშებიდან მიეღოთ.
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დნეპრის სანაპიროზე არსებულ სიტუაციაზე კომენტარისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ ამაზე საუბარი მხოლოდ სამხედრო უწყებას შეუძლია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შექმნილი ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი გავრცელებულ და წაშლილ ცნობასთან დაკავშირებით წერს, რომ ეს არის "საინფორმაციო ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ" და ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, რუსი სამხედროების გადაადგილება არ შეუნიშნავთ.
2023 წლის შემოდგომაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რამდენიმე პლაცდარმის შექმნა შეძლეს. ნოემბრის დასაწყისში უკრაინის არმიამ შეძლო სოფელ კრინკის ნაწილში გამაგრება. ღია წყაროების ანალიტიკოსები და ასევე რუსული წყაროები ყურადღებას ამახვილებდნენ, რომ კრინკის მიდამოებში უკრაინული ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. უკრაინის მიერ კრინკის დაკავების შესახებ 11 ნოემბერს BBC-ისთან ისაუბრა წყარომ რუსეთის არმიიდან.