საქართველო-ევროკავშირი

ჰერჩინსკი: დასანანი იყო, რომ საქართველოს მთავრობამ დაუშვა პირდაპირი რეისები რუსეთთან

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, "ეს არის წმინდად დამსახურებაზე დაფუძნებული შეფასება" და ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით საქართველომ პროგრესული ნაბიჯები ნამდვილად გადადგა, თუმცა ის ასევე ხაზს უსვამს, რომ არის სფეროები, რომლებიც მეტ ძალისხმევას საჭიროებს.

"[ევროკომისიის ანგარიში] არის ძალიან ღრმა და აღწერს სად დაინახა ევროკავშირმა პროგრესი და მიღწევები. თუმცა, ბევრად მნიშვნელოვანია, სად დაინახა ევროკომისიამ სფეროები, სადაც საჭიროა შემდგომი პროგრესის მიღწევა. ეს არის გზამკვლევი ადმინისტრაციისთვის, ყველა სამინისტროსთვის, ნებისმიერი კანდიდატი ქვეყნის მთელი მთავრობისთვის, რომელშიც განსაზღვრულია სფეროები, სადაც შემდგომი პროგრესია საჭირო". – თქვა ჰერჩინსკიმ.

ჰერჩინსკის თქმით, საქართველო საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით ევროკავშირს მეტად უნდა დაუახლოვდეს. ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთის მიმართ ნაკლებად მკაცრი საგარეო კურსის შერჩევა, კერძოდ, პირდაპირი რეისების აღდგენა, მათთვის დასანანი იყო.

"ნამდვილად დასანანი იყო, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა დაეშვა პირდაპირი რეისები რუსეთთან. მე თბილისში მყოფ ევროკავშირის ყველა ელჩთან ერთად მოვაწყვე დემარში ამ ნაბიჯის წინააღმდეგ და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ერთ დღესაც საქართველო ჩვენს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის პროცესში შესაბამისობაში მოექცევა ევროკავშირის ძალიან მკაცრ და ძალიან მკაფიო პოლიტიკასთან, რაც გულისხმობს ნებისმიერი პირდაპირი რეისის აკრძალვას ევროკავშირსა და რუსეთს შორის". – თქვა ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება [რეისების აკრძალვა] ევროკავშირის ქვეყნებისთვის სარგებლიანი არ არის და გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ისინი ერთობლივად მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს მორალურ აუცილებლობას წარმოადგენს. 

"ყველა შეთანხმდა, რომ არ გვქონოდა ეს რეისები, იმის გააზრებით, რომ ამის ფასი უნდა გადაგვეხადა. ვინაიდან, ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის მოქალაქეები ცხოვრობენ რუსეთში და ჩვენი წევრი ბევრი სახელმწიფო სარგებლობდა რუსი ტურისტებისგან მიღებული შემოსავლებით, რომლებიც ჩამოდიოდნენ და ფულს ხარჯავდნენ. და ამის მიუხედავად, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ეს ჩვენი მორალური ვალდებულება იყო, რაც შეიძლება დიდი ზეწოლა მოგვეხდინა რუსეთზე". – თქვა ჰერჩინსკიმ. 

ჰერჩინსკი ასევე შეეხო რუსულ დეზინფორმაციას, რომელიც, მისი თქმით, საქართველოში გავრცელებულია. ელჩმა თქვა, რომ ამ "ნარატივების ომში" ქართული საზოგადოების ყველა სეგმენტი, მათ შორის მთავრობა, მსგავს საინფორმაციო მანიპულაციას აქტიურ წინააღმდეგობას უნდა უწევდეს.

"ეს არის ნარატივების ომი. თქვენ გაქვთ მართლაც უცნაური შეთქმულების თეორიები, რომელთა უმრავლესობა, ვიტყოდი, ქვეყნის გარედან მოდის, თუმცა, სამწუხაროდ, მათ იმეორებენ და ზოგჯერ აძლიერებენ კიდეც საქართველოს შიგნით. ზოგიერთი მათგანის სამიზნე არის ევროკავშირი. მათი უმრავლესობა იმდენად აბსურდულია, გამეორებაც არ მინდა. ვისურვებდით, საქართველოში ყველა, მთავრობის ჩათვლით, ძალიან აქტიურად ებრძოდეს ამ ნარატივებს, იმის უზრუნველსაყოფად, რომ იმ საწამლავმა, რომელიც მსოფლიოში ვრცელდება მათ მიერ, ვისაც კარგი არ სურს ევროკავშირისთვის, არ მოწამლოს დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვაზე". – თქვა ჰერჩინსკიმ.

ამასთან, ინტერვიუში ელჩმა დეპოლარიზაციის საჭიროების განხილვას დიდი ყურადღება დაუთმო. მან თავისი ქვეყნის, პოლონეთის მაგალითზე თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი საზოგადოების ყველა ნაწილს უნდა აერთიანებდეს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ამას ვერ ხედავს.

"ჩემი ქვეყნის შემთხვევაში, რომელმაც ზუსტად იგივე პროცესი გაიარა მეოთხედი საუკუნით ადრე, ძალიან ღრმა დაყოფის მიუხედავად, ეს [ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი] იყო ეროვნული ერთიანობის ელემენტი. ყველა ახერხებდა განსხვავებების გვერდზე გადადებას და ერთად მუშაობას ამ მიზნის მისაღწევად. საქართველოს შემთხვევაში, გეთანხმებით, ამ ეტაპისთვის არ მიგვიღწევია. ამიტომაც, დეპოლარიზაცია იყო ნომერი პირველი პრიორიტეტი 12 პრიორიტეტის ნუსხაში". – თქვა ჰერჩინსკიმ. 

ჰერჩინსკის თქმით, დემოკრატიაში ბუნებრივად არსებული წინააღმდეგობების მიუხედავად საქართველოს პროგრესისთვის ამ საკითხზე ერთიანობა "უკიდურესად სასარგებლო" იქნებოდა. 

"სავსებით ბუნებრივია, რომ ადამიანებს აქვთ განსხვავებული შეხედულებები განსხვავებულ თემებზე და ისინი წარმოაჩენენ ამ განსხვავებულობას, ზოგჯერ ჩხუბობენ კიდეც და უთანხმოებებიც აქვთ, თუმცა ერთიანობა ამ ერთ კონკრეტულ საკითხზე [ევროინტეგრაციაზე], უკიდურესად სასარგებლო იქნებოდა საქართველოს წინსვლისთვის და ვიცი, რომ, როცა ქართველები ერთიანები არიან, დიდებული რაღაცები ხდება". – თქვა ჰერჩინსკიმ.

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის შეფასება პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა. ლაიენმა ასევე ხაზი გაუსვა გარკვეული რეფორმების გატარების აუცილებლობას.

კომენტარები