იქედნე

მეცნიერებმა აღბეჭდეს ატენბოროს იქედნე, რომელზეც შიშობდნენ, რომ გადაშენებული იყო

კადრი მეცნიერების მიერ ატენბოროს გრძელნისკარტა იქედნისთვის გადაღებული ვიდეოდან, რომელიც ამტკიცებს, რომ იქედნების ეს სახეობა გადაშენებული არ არის

მეცნიერებმა პირველად აღბეჭდეს უძველესი კვერცხისმდებელი ძუძუმწოვარი, ატენბოროს იქედნე, რომელსაც სახელი ცნობილი ბრიტანელი ბიოლოგის, ნატურალისტისა და ტელეწამყვანის, სერ დევიდ ატენბოროს პატივსაცემად დაერქვა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ინდონეზიაში ექსპედიციის დროს ოთხი 3-წამიანი ვიდეო გადაიღეს, რომლებზეც ატენბოროს გრძელნისკარტა იქედნეა (Zaglossus attenboroughi) აღბეჭდილი.

აქამდე ერთადერთი მტკიცებულება, რომ ამ სახეობის იქედნე ნამდვილად არსებობდა, მკვდარი ცხოველის 62 წლის წინანდელი სამუზეუმო ნიმუში იყო. ინდონეზიის ციკლოპების მთებში ამ დრომდე გაგზავნილმა ექსპედიციებმა ცხოველის არსებობის დადასტურება ვერ შეძლო.

ატენბოროს იქედნეს 62 წლის წინანდელი ნიმუში
BBC/JONAH FISHER

უკანასკნელი ექსპედიცია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და რომელსაც ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიოლოგი, დოქტორი ჯეიმს კემპტონი ხელმძღვანელობდა, წარმატებული აღმოჩნდა. მეცნიერებმა იმოგზაურეს ციკლოპების მთების ზღვის დონიდან 2 000 მეტრზე მდებარე იმ მონაკვეთზე, რომელიც მანამდე შეუსწავლელი იყო.

"აფორიაქებული ვიყავი, მთელი გუნდი აფორიაქებული იყო". - აღნიშნა კემპტონმა იმაზე საუბრისას, როგორ მოიპოვეს კადრები ბოლო კამერიდან ამოღებული ბოლო მეხსიერების ბარათიდან, ექსპედიციის ბოლო დღეს.

ატენბოროს "დაკარგული იქედნეს" გარდა, ექსპედიციამ აღმოაჩინა მწერებისა და ბაყაყების ახალი სახეობები და დააკვირდა სამოთხის ფრინველებისა და ხის კენგურუების ჯანსაღ პოპულაციასაც.

მიჩნეულია, რომ იქედნე 200 მილიონი წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც დედამიწაზე დინოზავრები დააბიჯებდნენ. სწორედ ამიტომ, ცხოველის ამ სახეობას "ცოცხალ ნამარხსაც" უწოდებენ.

დღესდღეობით იხვნისკარტას გარდა იქედნე დედამიწაზე ერთადერთი კვერცხისმდებელი ძუძუმწოვარია და მისი სულ ოთხი სახეობა არსებობს. მათგან ორი, ატენბოროს იქედნე და დასავლური იქედნე გადაშენების პირას მყოფ სახეობებად ითვლება.

კომენტარები