გოგა რაზმაძის საქმე

რაზმაძე: ჩემი რამდენიმეთვიანი ბრძოლა ჩემი სამსახურიდან გათავისუფლებით დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის, გოგა რაზმაძის თქმით, ის შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

"გენერალურმა ინსპექციამ ჩათვალა, რომ სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებსა და ჩემს მიმართ შევიწროებაზე საჯაროდ საუბარი შსს-ს მინისტრის მოადგილისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელების დისკრედიტაციას და სამინისტროს რეპუტაციის შელახვას ისახავდა მიზნად". – წერს რაზმაძე.

გოგა რაზმაძის თქმით, გენერალური ინსპექცია დაეყრდნო სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის დასვკნას.

"გარდა იმისა, რომ გენერალურმა ინსპექციამ ცალმხრივად, ფაქტების არასრულყოფილი გამოკვლევის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, იგი დაეყრდნო სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის დასკვნას, რომელთაგან ერთმა აშკარა დანაშაულებრივი ნიშნების შემცველ ფაქტზე არ დაიწყო გამოძიება, ხოლო მეორემ არ დაადგინა ჩემს მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობისა და შევიწროების ფაქტი". – ამბობს რაზმაძე.

1 ნოემბერს, კოალიციამ თანასწორობისთვის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ გოგა რაზმაძის საქმეზე სახალხო დამცველის გადაწყვეტილება შრომითი დისკრიმინაციის შემთხვევებზე არასწორ პრაქტიკას ამკვიდრებს, "რომელიც აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტულ განმცხადებელს, არამედ აუარესებს დასაქმებულ პირთა შრომით მდგომარეობას“. ომბუდსმენმა რაზმაძის საქმის წარმოება შეწყვიტა.

გოგა რაზმაძემ განცხადება პირველად 12 ივლისს გაავრცელა. რაზმაძის შსს-ს გენერალურ ინსპექციაში მასზე განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობაზე რეაგირებას სთხოვდა. რაზმაძე წერდა, რომ ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე საუბრის გამო, ის გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და "საქმე გაურჩიეს". 

რაზმაძის განცხადებას გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც უწყების თანამშრომლის, გოგა რაზმაძის განცხადებას სრული ტყუილი და აბსურდი უწოდა.

28 ივლისს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნულ საქმეზე განცხადება გაავრცელა.  უწყების ცნობით, რაზმაძემ განცხადებაში მოყვანილი გარემოებების თაობაზე განმარტებების გაკეთება და გასაუბრებაში მონაწილეობის მიღება არ ისურვა.

შსს-ს თანამშრომელი: ხარვეზებზე საუბრის გამო გენინსპექციაში საქმე გამირჩიეს

კომენტარები