ვიქტორ ორბანი

ორბანი: უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკება არ უნდა დაიწყოს, ეს უნგრეთის მკაფიო პოზიციაა

OMAR MARQUES/GETTY IMAGES

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მედიასთან თქვა, რომ უნგრეთი ეწინააღმდეგება უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების დაწყებას.

8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდნენ. კომისიის შეფასება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინამ შეასრულა ევროკომისიის მიერ მისთვის წარდგენილი პირობების 90%-ზე მეტი. 

საბოლოო გადაწყვეტილება დემეკბრის შუა პერიოდში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა უნდა მიიღონ. ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილებისთვის კი საჭიროა ყველა წევროს თანხმობა.

"გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, ეს უნგრეთის მკაფიო პოზიციაა. მინდა გარკვევით ვთქვა, რომ უნგრეთის წინააღმდეგობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე ვერ გახდება ბიზნეს გარიგების საგანი. არ შეიძლება ამის დაკავშირება იმ დაფინანსებასთან, რაც უნგრეთს ისედაც ეკუთვნის". – ამბობს ორბანი.

გუშინ, 10 ნოემბერს ამავე საკითხზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. პეტერ სიიარტოს თქმით, უკრაინა ომის დროს ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, რადგან სიტყვისა და მედიის თავისუფლება დაცული არ არის. 

"უკრაინაში ომია, ამიტომ, ჩვენ ვხედათ, რომ არც მედიისა და არც სიტყვის თავისუფლება დაცული არ არის, ასევე, ვხედავთ, რომ არც არჩევნები ტარდება. აბსურდული იქნება, ასეთ ვითარებაში, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა პოზიციები დააფიქსირონ უკრაინაში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით. 

სიიარტომ ასევე თქვა, რომ უკრაინის გაწევრიანებით ომი გადაინაცვლებს ევროკავშირში, შესაბამისად, გაწევრიანება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც მშვიდობა დამყარდება. 

კომენტარები