უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ბრიუსელის სამხედრო გეგმების" წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
"რამდენიმე კვირის წინ კოპენჰაგენში ბრიუსელის სამხედრო გეგმა წარადგინეს: ევროპა იხდის, უკრაინელები იბრძვიან, რუსეთი კი საბოლოოდ გამოიფიტება. რა დაჯდება ეს ყველაფერი და რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენთვის არ უთქვამთ". – წერს ორბანი.
პრემიერმინისტრის თქმით, მისი ხელისუფლება უნგრეთის ყველა ქალაქსა და სოფელში ხელმოწერებს შეაგროვებს.
"ახლა ჩვენ გვჭირდება თითოეული მშვიდობისმოყვარე უნგრელის მხარდაჭერა". – აღნიშნა ორბანმა.
10 ოქტომბერს ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინული დაზვერვა არამხოლოდ "თვალს ადევნებს უნგრეთს, არამედ, ქვეყანაში პროუკრაინული Tisza-ს(ოპოზიციური პარტია, რომელიც მომავალი საპარლამენტო არჩევნებში ორბანის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა) დახმარებით შემოიჭრა".
მომდევნო წელს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ანტიუკრაინული რიტორიკა პოპულისტი ორბანის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.





