გაფიცვა ჰოლივუდში

ჰოლივუდში მსახიობების გაფიცვა დასრულდა

ჰოლივუდში კიდევ ერთი მრავალთვიანი გაფიცვა დასრულდა. კინომსახიობთა გილდიამ (SAG) პროდიუსერებთან შეთანხმებას მიაღწა.

ახალი კონტრაქტის ჯამური ღირებულება 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. გაფიცვა ფორმალურად 10 ნოემბერს დასრულდება, როდესაც კინომსახიობთა გილდიის წევრები კენჭისყრაზე გაფიცვის დასრულების გადაწყვეტილება მისცემენ ხმას.

განახლებული შეთანხმების მთავარი პუნქტებია:

  • იზრდება მინიმალური გადასახადი
  • პირველად შემოდის ბონუსების სისტემა სტრიმინგის სერვისის პროდუქტებზე
  • შემცირდება ხელოვნური ინტელექტის ჩარევა სფეროში ან ჩარევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი ანაზღაურება

13 ივლისს კინომსახიობთა გილდიამ (SAG - AFTRA) ჰოლივუდის პროდიუსერებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. მსახიობები გაფიცულ სცენარისტებს შეუერთდნენ.

SAG - AFTRA-ს რიგებში 160 000-ზე მეტი მსახიობია რეგისტრირებული. მათმა უმრავლესობამ (98%) გაფიცვას დაუჭირა მხარი, ხმის მიცემაში 48%-მა მიიღო მონაწილეობა, შესაბამისად გაფიცვას 70 000-ზე მეტი წევრი უჭერს მხარს. პროფკავშირი სფეროში ხელოვნური ინტელექტის გავლენის შემცირებასა და სტრიმინგ სერვისებზე ჩვენებით მიღებული ანაზღაურების გაზრდას ითხოვს. პროფკავშირის რიგებში კინოს, ტელევიზიისა და რადიოს მსახიობები, ასევე კასკადიორები არიან გაწევრიანებულნი. SAG-AFTRA უკანასკნელად 1980 წელს, სამი თვით გაიფიცა.

25 სექტემბერს დასრულდა ჰოლივუდის სცენარისტების 146-დღიანი გაფიცვა.

კომენტარები