სერბეთი

სერბეთის პოლიციამ ბოლო ორ კვირაში 4 500-ზე მეტი მიგრანტი დააკავა

სერბეთისა და უნგრეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორია
Darko Vojinovic/dpa/AP/

სერბეთის პოლოციამ ბოლო ორი კვირის მანძილზე ქვეყნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საზღვართან 4 500-მდე მიგრანტი დააკავა. ინფორმაციას სერბეთის შსს ავრცელებს. დაკავებული მიგრანტები მთავრობის მიერ კონტროლირებულ ბანაკებში გადაიყვანეს.

სამინისტროს ინფორმაციით, 81 000-ზე მეტი მანქანისა და 300 სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ხელში ჩაიგდო რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, 1 500-მდე სხვადასხვა კალიბრის ტყვია, ასობით უცხო ქვეყნის პასპორტი. 

განცხადების მიხედვით, პოლიციამ 119 პირი დააკავა იარაღისა და ნარკოტოკის ფლობისა და ტრაფიკინგის ბრალდებით.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო სირთულეების მიუხედავად გააგრძელებს მუშაობას მანამ, სანამ არალეგალური მიგრაციის პრობლემა არ მოგვარდება და ადამიანთა ფარულად შემოპარვის ჯაჭვი არ გაწყდება". – ვკითხულობთ განცხადებაში.

სამინისტროს არ დაუკონკრეტებია მიგრანტების წარმომავლობა, თუმცა, მათი უმრავლესობა, ვინც ბალკანეთის გავლით ცდილობს ევროკავშირში შესვლას, როგორც წესი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან მოდიან.

სერბეთის პოლიციამ არალეგალი მიგრანტების აქტიური რეიდები მას შემდეგ დაიწყო, რაც  27 ოქტომბერს, უნგრეთის საზღვრის მახლობლად, სერბეთის ტერიტორიაზე მიგრანტებს შორის სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა.

ინფორმაცია სერბეთის ტელევიზია RTS-მა გაავრცელა. მათი ცნობით, ცეცხლი მიტოვებულ საწყობში გახსნეს, სოფელი ჰორგოსის მახლობლად. შემთხვევის ადგილზე პოლიციის რამდენიმე ჯგუფი გაგზავნეს. 

სასაზღვრო ზონაში დაპირისპირებებისა და ცეცხლის გახსნის შემთხვევები ბოლო პერიოდში გახშირდა.

ამ ტერიტორიაზე ათასობით მიგრანტი ბანაკდება, რათა გარკვეულ პირთა დახმარებით, უნგრეთში შეიპარონ. სერბეთისა და უნგრეთის საზღვარი მდებარეობს ე.წ. დასავლეთ ევროპაში ბალკანეთის სახმელეთო გზაზე. ეს მარშრუტი იწყება თურქეთიდან, გრძელდება საბერძნეთსა და ბულგარეთში, აქედან კი სერბეთში, ბოსნიაში ან ჩრდილოეთ მაკედონიაში გადადის.

უნგრეთმა საზღვარზე აღმართა მავთულხლართიანი ღობე, რათა ხალხის შემოდინება შემცირდეს. თუმცა ამ ტერიტორიების მიმდებარედ მყოფი დაჯგუფებები, რომლებიც მიგრანტებს მეზობელ ქვეყანაში არალეგალურად შესვლაში ეხმარებიან, ხშირად ერთმანეთს უპირისპირდებიან.

სერბეთის პოლიცია სასაზღვრო რაიონში პერიოდულად რეიდებს ატარებს. ბოლო თვეებში დააკავეს ადამიანები, რომლებიც მიგრანტებს საზღვრის უკანონო კვეთაში ეხმარებოდნენ და ამოიღეს უკანონო იარაღიც. 

კომენტარები