საქართველო-ევროკავშირი

ჯაფარიძე სტატუსზე: მინდა მივუსამძიმრო ქართულ ოცნებას ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება

მინდა მივულოცო საქართველოს და ქართველ ხალხს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომ ქვეყანას მიეცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი არის ჩვენი ქვეყნის უერთგულესი მეგობარი, ჩვენი ხალხის გვერდზე დგას და იდგება მანამ, სანამ არ დასრულდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. 

მინდა მივუსამძიმრო ქართულ ოცნებას ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად მათი ყველა მცდელობისა, მათ მიერ განხორციელებული საბოტაჟისა, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ შეასრულეს რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ევროკომისიამ მაინც მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ყველა მცდელობის მიუხედავად და ქართული ოცნების მიუხედავად, ქართველმა ხალხმა მიიღო დამსახურებულად რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან. ეს არის სწორედ ჩვენი ხალხის, ჩვენი თანამოქალაქეების განუწყვეტელი მცდელობისა და მათი თავგანწირული ბრძოლის შედეგი. 

ეხლა გვაქვს გასავლელი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, როდესაც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს ერთხმად გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნისადმი და შემდგომ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ქვეყანა  დადგეს უკრაინისა და მოლდოვის გვერდით და დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ, რაც შეიძლება მოხდეს, მხოლოდ და მხოლოდ, ქართული ოცნების ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდგომ. იმიტომ, რომ ისინი გააგრძელებენ იმ საბოტაჟს, რომელსაც დღემდე ახორციელებდნენ, რომ როგორმე შეაფერხონ ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია ევროკავშირში. ამიტომ, ეხლა ეროვნული ამოცანა იქნება კიდევ ერთხელ ევროპულმა საბჭომ დაინახოს, რომ საქართველოს მოსახლეობა სრულად მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას. 

ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭებაზე რეკომენდაციას გამოეხმაურა. 

კომენტარები