მოლდოვა

RFE/RL: ევროკომისია აპირებს თქმას, რომ მოლდოვამ 9-დან 6 რეკომენდაცია შეასრულა

რადიო თავისუფლება ევროპის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, ევროკომისია აპირებს თქმას, რომ მოლდოვამ შარშან, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას განსაზღვრული ცხრა დათქმიდან ექვსი შეასრულა.

RFE/RL-ს წყაროების მიხედვით, მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მოლაპარაკებები გაზაფხულზე დაიწყება, თუმცა, უცნობია, ევროკომისია მოითხოვს თუ არა, რომ მოლდოვამ ჯერ დარჩენილი სამი პირობა შეასრულოს. აღნიშნული პირობებია სასამართლო რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და დეოლიგარქიზაცია. 

RFE/RL-ს მიერ განხილულ ანგარიშში წერია, რომ მოლდოვის მიერ შესრულებული დათქმები ეხება ვენეციის კომისიის შესაბამისად საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, ადამიანის უფლებებისა და განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების დაცვის გაძლიერებას, საჯარო ფინანსების მენეჯმენტის რეფორმას, სამოქალაქო საზოგადოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტ ჩართულობას, საჯარო სერვისების გაუმჯობესებასა და საჯარო ადმინისტრაციისრეფორმის დაწყებას.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებულ დრაფტში წერია, რომ მოლდოვამ "მიაღწია მზაობის გარკვეულ დონეს" კორუფციასთან ბრძოლაში. ასევე, არის პროგრესი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით.

2022 წლის ზაფხულში ევროკავშირმა ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს - არა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც 12-პუნქტიანი პირობები შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული რეფორმა, მედიის თავისუფლება. 

რეკომენდაციების გაცემიდან ერთი წლის შემდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტისას აღნიშნა, რომ 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ 3 შესრულდა, დანარჩენი 9 პროცესშია.

კომენტარები