იტალია

იტალია პრემიერის პირდაპირ არჩევას გეგმავს

იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯია მელონი
AFP

3 ნოემბერს იტალიის მთავრობამ დაამტკიცა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტის მიერ წარდგენის ნაცვლად, პრემიერმინისტრს ამომრჩეველი პირდაპირი წესით 5 წლის ვადით აირჩევს.

შემოთავაზებული ინიციატივა საბოლოო მიღებისთვის პარლამენტის ორივე პალატის თანხმობას საჭიროებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დეპუტატების ორი მესამედი საკონსტიტუციო რეფორმის გატარებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდება. 

მიუხედავად იმისა, რომ იტალიის პრემიერის, ჯორჯია მელონის მთავრობა, მემარჯვენე კოალიციური პარტნიორების დახმარებით, საპარლამენტო უმრავლესობას ფლობს, ორი მესამედის ზღვრის მისაღწევად ოპოზიციური ძალების ხმებიც დასჭირდება. 

მელონიმ პრესკონფერენციაზე აღნიშნული ინიციატივა "დედარეფორმად" შეაფასა და აღნიშნა, რომ იგი დამტკიცების შემთხვევაში, იქნება ქვეყნის სტაბილურობის გარანტი და უზრუნველყოფს, რომ ქვეყნის მმართველობაზე პასუხისმგებელი პირები ხალხის მიერვე იყვნენ არჩეული. 

მელონის თქმითვე, იტალიამ 2002-22 წლებში 9 პრემიერი და 12 მთავრობა გამოიცვალა, მაშინ როცა საფრანგეთმა - 4, ხოლო გერმანიამ - 3. მელონიმ ასევე აღნიშნა, რომ ამავე პერიოდში იტალიის ეკონომიკა მხოლოდ 4%-ით გაიზარდა, ხოლო საფრანგეთისა და გერმანიის - 20%-ით.

"ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა: არის თუ არა იტალიაში ყველა პოლიტიკოსი უარესი, ვიდრე გერმანიასა და საფრანგეთში? ამის გულწრფელად არ მჯერა ან რაღაც არ მუშაობს". - თქვა მელონიმ. 

კომენტარები