ყაზახეთი

ყაზახეთში გამართული თურქულენოვანი ხალხების სამიტის მთავარი თემები

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი
El.kz

ასტანამ რიგით მე-10 თურქულენოვანი ხალხების სამიტს უმასპინძლა. სამიტის მონაწილე ქვეყნებია ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი. ასევე დამკვირვებელ სახელმწიფოებს შორის არიან უნგრეთი და თურქმენეთი.

მხარეებმა რამდენიმე მრავალმხრივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. სამიტმა დევიზით Turktime(თურქული დრო) ჩაიარა. დევიზი ასევე იშიფრება როგორც T - Traditions (ტრადიციები), U - Unification (გაერთიანება), R - Reforms (რეფორმები), K - Knowlеdge (ცოდნა), T - Trust (ნდობა), I - Investments (ინვესტიციები), ME - Mutual Energy (ორმხრივი ენერგია). 

სამიტის ჩატარების ერთ-ერთი მთავარი მიზანი თურქულენოვან ქვეყნებს შორის 2023-2027 წლებში სატრანსპორტო პროგრამის განვითარებაა.

მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟორმათ თოყაევმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მიულოცა:

"მინდა მივულოცო ბატონ ალიევს და აზერბაიჯანელ ხალხს. ეს ისტორიული ნაბიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ამასთანავე გაეროს წესდების დაცვითა და უსაფრთხოების საბჭოს დადგენილების გათვალისწინებით გადაიდგა".

თურქეთის პირველმა პირმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თოყაევს და სრულიად ყაზახეთს მაღაროელების დაღუპვა მიუსამძიმრა:

"პატივცემულო ქვეყნის მეთაურებო, პატივცემულო დელეგაციის წარმომადგენლებო, პირველ რიგში, ყარაღანდის მაღაროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ჩვენს ყაზახ ძმებს მინდა მივუსამძიმრო".

ერდოღანმა ასევე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების შეფასება გააკეთა:

"თურქული სამყაროს ერთიანი და სოლიდარული ქმედება ხელს შეუწყობს გზას ჯერ ცეცხლის შეწყვეტისკენ, შემდეგ კი, მუდმივი მშვიდობისკენ. ჩვენი ძალისხმევა გრძელდება, რათა საფუძველი ჩავუყაროთ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციას". 

ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს ასევე გამოეხმაურა უზბეკეთის პრეზიდენტი შამკატ მირზიევი:

"შეიარაღებული შეტაკებების გამო საგრძნობლად გაიზარდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, განსაკუთრებით მოხუცებსა, ბავშვებსა და ქალებში. ჩნდება კონფლიქტის ფართო ესკალაციის საშიშროება. ამ კონფლიქტის ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტა ორი ხალხისთვის ორი სახელმწიფოს შექმნაა. როგორც განსაზღვრულია გაეროს რეზოლუციაში – პალესტინელებს უფლება აქვთ ჰქონდეთ სახელმწიფო". 

სამიტზე უკრაინის ომი ახსენა დამკვირვებელი სახელმწიფოს, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა. მისი თქმით ევროკავშირის მიერ უკრაინის შეიარაღება ომს არ დაასრულებს და დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის.

სამიტის მსვლელობისას უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიევი თურქულენოვანი სამყაროს უმაღლესი ორდენით დააჯილდოეს. 

კომენტარები