ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

მძევლების მოსაძებნად ღაზის სექტორის თავზე ამერიკული დრონები დაფრინავს – NYT

ღაზის სექტორის თავზე მფრინავი ამერიკული დრონების დაახლოებითი გზები, 2023 წლის 28 სექტემბერი-2 ნოემბრის მონაცემები
© Mapbox © OpenStreetMap By Matthew Bloch

The New York Times-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირსა და საკუთარ ანალიზზე დაყრდნობით წერს, რომ ღაზის სექტორის თავზე ამერიკული სადაზვერვო დრონები დაფრინავს.

გამოცემის ცნობით, MQ-9 Reapers-ის ტიპის დრონებს, რომლებსაც აშშ-ს სპეციალური ოპერაციების ძალები აკონტროლებენ, სექტორში მძევლების მოსაძებნად იყენებენ და ამით ღაზაში მიმდინარე სახმელეთო ოპერაციაში ისრაელს არ ეხმარებიან.

უპილოტო საფრენი აპარატები Flightradar24-ზე პირველად შაბათს, 28 ოქტომბერს შენიშნეს, თუმცა, ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც პენტაგონის მაღალჩინოსნები არიან, the New York Times-ს უთხრეს, რომ დრონების გამოყენება ისრაელზე ჰამასის მოულოდნელი თავდასხმის შემდგომ დღეებშივე დაიწყო.

როგორც გამოცემა წერს, ფრენები ძირითადად სამხრეთ ღაზაშია კონცენტრირებული და ოპერაციაში, სულ მცირე, ექვსი MQ-9 დრონია ჩართული. ამ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები ცნობილია, როგორც აშშ-ს საჰაერო ძალების პირველი "მონადირე-მკვლელი" დრონები, მაგრამ დახვეწილი სენსორებისა და ტერიტორიის თავზე 20 საათზე მეტი ხნით ფრენის შესაძლებლობის გამო, მას ძირითადად სადაზვერვო მიზნებისთვის იყენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ღაზის თავზე სადაზვერვო ფრენებს ხშირად ახორციელებს, NYT-ისთან საუბრისას თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ეს, სავარაუდოდ, პირველი შემთხვევაა, როდესაც სექტორის თავზე ამერიკული დრონები დაფრინავენ.

ღაზის თავზე ამერიკული დრონების სადაზვერვო მისიის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს Reuters-იც. გამოცემას ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვით უთხრა, რომ ჰამასის 200-ზე მეტ მძევალს შორის შესაძლოა დაკარგულად მიჩნეული 10 ამერიკელიც იყოს. ტერორისტები მძევლებს, სავარაუდოდ, გვირაბების სისტემაში მალავენ.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს 200-მდე მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა. 7 ოქტომბრის მოვლენებს 1 400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა. დახოცილთა ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

22 ოქტომბერს ღაზის სექტორში ეგვიპტიდან ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. პროცესს ისრაელი აკონტროლებს, რათა მხოლოდ საკვები და სამედიცინო პროდუქტები შეიტანონ. აკრძალულია საწვავის შეტანა.

28 ოქტომბერს ისრაელმა, მას შემდეგ, რაც საჰაერო იერიშების რიცხვი გაზარდა და სახმელეთო ოპერაციის არეალი გააფართოვა, ომის მეორე ფაზა დაიწყო.

კომენტარები