საფრანგეთი-ყაზახეთი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი "ისტორიული" ვიზიტით ყაზახეთში ჩავიდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ყაზახეთის პრეზიდენტ, ყასიმ-ჟომართ თოყაევი ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ მიღების ცერემონიაზე, 2023 წლის 1 ნოემბერი
Press service of the President of Kazakhstan/Handout via REUTERS

დღეს, 1 ნოემბერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ცენტრალურ აზიაში ტურნეს ფარგლებში ყაზახეთში ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა.

შეხვედრაზე მაკრონმა უკრაინასთან ომში რუსეთის გვერდით დგომაზე უარისთვის ყაზახეთი შეაქო. მანვე აღნიშნა, რომ ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა გარიგებებს, მათ შორის, მხარეები შეთანხმდნენ იშვიათი მიწებისა და იშვიათი ლითონების სფეროებში თანამშრომლობაზე.

"არცერთ შემთხვევაში არ ვამცრობ იმ გეოპოლიტიკურ სირთულეებს, ზეწოლას... რომელსაც შესაძლოა ზოგი თქვენზე ახორციელებდეს. საფრანგეთი აფასებს... გზას, რომელსაც მიჰყვებით თქვენი ქვეყნისთვის, რომელიმე ძალის ვასალობაზე უარის თქმით და სხვადასხვა ქვეყანასთან მრავალრიცხოვანი და დაბალანსებული ურთიერთობების დამყარების მცდელობით". - უთხრა მაკრონმა თოყაევს, რომელმაც, თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტს "ისტორიული" უწოდა.

ნავთობით მდიდარი ყაზახეთი ევროპის ქვეყნებისთვის ნედლი ნავთობის იმპორტისთვის რუსეთის ერთ-ერთი ჩამნაცვლებელია. გარდა ამისა, ყაზახეთი ურანის ძირითადი ექსპორტიორია.

ყაზახეთის შემდეგ მაკრონი უზბეკეთშიც ჩავა. ცენტრალური აზიის ეს ქვეყნები რუსეთსაც და დასავლურ ქვეყნებსაც სტრატეგიულ პარტნიორებს უწოდებენ, თუმცა, მათ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის აღიარებაზე უარი თქვეს და პირობა დადეს, რომ დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს დაემორჩილებიან.

მაკრონის ვიზიტს გამოეხმაურა რუსეთიც. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ყაზახეთს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, კავშირების განვითარება ნებისმიერ ქვეყანასთან თავისუფლად შეუძლია. თუმცა, გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დასავლეთი დაადანაშაულა, რომ ის ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში დიპლომატიური აქტივობების გაზრდით რუსეთის "მეზობლების, მეგობრებისა და მოკავშირეების" ჩამოშორებას ცდილობს.

კომენტარები