სარკინიგზო კატასტროფა ინდოეთში

ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ანდჰრა პრადეშის შტატში, ორი მატარებლის შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე ადამიანი კი დაშავდა.

ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, გამოძიების წინასწარი შედეგებით, სარკინიგზო კატასტროფა "ადამიანურმა შეცდომამ" გამოიწვია. მათი ცნობით, შეჯახებამდე ლიანდაგიდან გადავიდა მატარებლის სამი ვაგონი.

პოლიციის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის ასობით თანამშრომელი, ექიმებთან ერთად მუშაობდნენ.

ინდოეთის სარკინიგზო სამსახურის განცხადებით, შემთხვევის შემდეგ რეისებიდან მოიხსნა 33 მატარებელი, დამატებით 22 მატარებელს კი მიმართულება შეუცვალეს. მათი ცნობით, სარკინიგზო მონაკვეთი სრულად 30 ოქტომბრის საღამომდე გაიწმინდება.

ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ისინი ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ.

როგორც BBC აღნიშნავს, ინდოეთში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარკინიგზო ქსელია, რომელიც ყოველდღიურად მილიონობით მგზავრს ემსახურება, თუმცა, ინფრასტრუქტურა განახლებას საჭიროებს. 

მიმდინარე წლის ივნისში, ოდიშას შტატში სამი მატარებლის შეჯახების შედეგად 292 ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

კომენტარები