ესპანეთი

ესპანეთში 1940 წლიდან სასულიერო პირებმა 200 000-ზე მეტ ბავშვზე სექსუალურად იძალადეს – Guardian

GETTY IMAGES

1940 წლიდან 200 000-ზე მეტი ბავშვი ესპანეთში კათოლიკური სამღვდელოების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ინფორმაციას The Guardian- დამოუკიდებელ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 8 000-ზე მეტი ზრდასრულის გამოკითხვისას 0.6%-მა თქვა, რომ ისინი ბავშვობაში სასულიერო პირების მხრიდან სექსუალურ ძალადობას განიცდიდნენ. ეს მაჩვენებელი კი ესპანეთის ზრდასრული მოსახლეობის გათვალისწინებით (39 მილიონი), დაახლოებით 200 000 ადამიანს უტოლდება.

"არსებობენ ადამიანები, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. აუცილებელია, პასუხი გაეცეს იმ ტანჯვასა და მარტოსულობის შეგრძნებას, რომელსაც ადამიანები უსამართლო დუმილის გამო განიცდიდნენ". - თქვა ესპანეთის ომბუდსმენმა და ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციისთვის სახელმწიფო ფონდის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა ანგარიში ქვეყნის დემოკრატიისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის მქონედ შეაფასა.

"ჩვენ უკეთესი ქვეყანა ვართ, რადგან რეალობა, რომლის შესახებაც მრავალი წლის განმავლობაში ყველამ იცოდა, მაგრამ არავის უსაუბრია, ყოველ შემთხვევაში იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს დღეს ხდება, საბოლოოდ გასაჯაროვდა". - თქვა  სანჩესმა.

ესპანეთის კათოლიკურ ეკლესიაში ბავშვთა სექსუალური ძალადობის შესახებ ოფიციალური გამოძიება გაზეთ El Pais-ის გამოძიებას მოჰყვა, რომელიც 2018 წელს დაიწყო და რომლის შემდეგაც ძალადობის სავარაუდო შემთხვევების მონაცემთა 1 000-ზე მეტი ბაზა შეიქმნა.

კომენტარები