საქართველო-აშშ

ვოლსკი ო'ბრაიენზე: მისი განცხადებები საქართველოს მიმართ ყოველთვის მტრული იყო

ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებას გამოეხმაურა. ვოლსკი ფიქრობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ო'ბრაიენის შეფასებები ყოველთვის მტრული იყო.

"მე ვფიქრობ, ო'ბრაიენის განცხადებები საქართველოს მიმართ ყოველთვის მტრული იყო და ახლაც არ მოველოდით, რომ რაიმე სიკეთეს იტყოდა. მით უმეტეს, ის ანდრეი ერმაკთან ერთად მუშაობს, რომელსაც თავად უკრაინელები რუსეთის ინტერესების გათვალისწინებაში ადანაშაულებენ [...] ის თანამშრომლობა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს, ო'ბრაიენისა და ო'ბრაიენების ინტერესებს არ შეესაბამება. ის ზუსტ შესაბამისობაშია იმ პოზიციასთან, რაც ზელენსკის გააჩნია". - თქვა ვოლსკიმ.

ო'ბრაიენმა სენატში საქართველოზე საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, თუმცა, შეიძლება, ბიზნესისა და პოლიტიკური გავლენების მქონე გარკვეულ ჯგუფებს ერჩივნოთ რუსეთსა და დასავლეთს შორის რუხ ზონად დარჩენა. როგორც მაღალჩინოსანმა განმარტა, აშშ-მ საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციები სწორედ გარდამტეხი წერტილის მისათითებლად დააწესა.

"საკითხავია ბიზნესების მცირე ჯგუფები და სხვები, ვისაც პოლიტიკური გავლენა აქვს, ხომ არ სურთ იყვნენ რუხი ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის". - თქვა სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა.

კომენტარები