სერბეთი

სერბეთისა და უნგრეთის საზღვართან მიგრანტების შორის სროლას 3 ადამიანი ემსხვერპლა

სერბეთისა და უნგრეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორია
Darko Vojinovic/dpa/AP/

უნგრეთის საზღვრის მახლობლად, სერბეთის ტერიტორიაზე მიგრანტებს შორის სროლას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა.

ინფორმაცია სერბეთის ტელევიზია RTS-მა გაავრცელა. მათი ცნობით, ცეცხლი მიტოვებულ საწყობში გახსნეს, სოფელი ჰორგოსის მახლობლად. შემთხვევის ადგილზე პოლიციის რამდენიმე ჯგუფი გაგზავნეს. 

სასაზღვრო ზონაში დაპირისპირებებისა და ცეცხლის გახსნის შემთხვევები ბოლო პერიოდში გახშირდა.

ამ ტერიტორიაზე ათასობით მიგრანტი ბანაკდება, რათა გარკვეულ პირთა დახმარებით, უნგრეთში შეიპარონ. სერბეთისა და უნგრეთის საზღვარი მდებარეობს ე.წ. დასავლეთ ევროპაში ბალკანეთის სახმელეთო გზაზე. ეს მარშრუტი იწყება თურქეთიდან, გრძელდება საბერძნეთსა და ბულგარეთში, აქედან კი სერბეთში, ბოსნიაში ან ჩრდილოეთ მაკედონიაში გადადის.

უნგრეთმა საზღვარზე აღმართა მავთულხლართიანი ღობე, რათა ხალხის შემოდინება შემცირდეს. თუმცა ამ ტერიტორიების მიმდებარედ მყოფი დაჯგუფებები, რომლებიც მიგრანტებს მეზობელ ქვეყანაში არალეგალურად შესვლაში ეხმარებიან, ხშირად ერთმანეთს უპირისპირდებიან.

სერბეთის პოლიცია სასაზღვრო რაიონში პერიოდულად რეიდებს ატარებს. ბოლო თვეებში დააკავეს ადამიანები, რომლებიც მიგრანტებს საზღვრის უკანონო კვეთაში ეხმარებოდნენ და ამოიღეს უკანონო იარაღიც. 

კომენტარები