საქართველო-აშშ

ქადაგიშვილი: საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც სანქციებს ყველაზე პირნათლად იცავს

ირაკლი ქადაგიშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებას გამოეხმაურა. ქადაგიშვილის თქმით, საქართველო საერთაშორისო სანქციებს ყველაზე პირნათლად იცავს.

"ამ შემთხვევაში, ბატონმა სენატორმა უფრო მეტი კონკრეტიკა უნდა დაასახელოს. ზოგადად, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც საერთაშორისო სანქციებს ყველაზე პირნათლად იცავს, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით". - თქვა ქადაგიშვილმა.

ო'ბრაიენმა სენატში საქართველოზე საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, თუმცა, შეიძლება, ბიზნესისა და პოლიტიკური გავლენების მქონე გარკვეულ ჯგუფებს ერჩივნოთ რუსეთსა და დასავლეთს შორის რუხ ზონად დარჩენა. როგორც მაღალჩინოსანმა განმარტა, აშშ-მ საქართველოს მოქალაქეების მიმართ სანქციები სწორედ გარდამტეხი წერტილის მისათითებლად დააწესა.

"საკითხავია ბიზნესების მცირე ჯგუფები და სხვები, ვისაც პოლიტიკური გავლენა აქვს, ხომ არ სურთ იყვნენ რუხი ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის". - თქვა სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა.

კომენტარები