რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიის პროკურატურას რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულების ფაქტები გადასცეს

ჯორჯ და ამალ კლუნების ფონდმა - Clooney Foundation for Justice  გერმანიის ფედერალურ პროკურორებს რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულებების ჩადენის მკიცებულებები წარუდგინა.

მტკიცებულებები ეხება სავარაუდო დანაშაულის ჩადენის სამ ეპიზოდს: რუსეთის მიერ ოდესის მახლობლად სანაპირო ტერიტორიის დაბომბვას, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, ხარკოვის რაიონში ოთხი ადამიანის დახვრეტას გასული წლის გაზაფხულსა და ზაფხულში და 2022 წლის მარტში კიევის რეგიონში დახვრეტის, წამებისა და სექსუალური სახის დანაშაულებებს.

"დროა სიტყვები რეალურ ქმედებებად ვაქციოთ, ჩვენ ვიმედოვნებთ რომ გერმანიის პროკურატურა ამ საქმეს გაუძღვება". - თქვა Docket-ის დირექტორმა სამართლებრივ საკითხებში, ანია ნეისტატმა .

მტკიცებულებები ასევე წარედგინა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, რომელიც თავის მხრივ იძიებს ომის დანაშაულებებს, თუმცა მათი რესურსი საქმეთა განხილვაში შეზღუდულია და შესაბამისად, აქცენტი მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებებზე აქვთ. უკრაინის ომში დანაშაულებების ჩადენის მტკიცებულებების საფუძველზე, 2023 წლის 17 მარტს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადერ პუტინზე დაკავების ორდერი გასცა.

The Docket-ი კომპანიებისა და ინდივიდუალური პირების საერთაშორისო დანაშაულებებს იძიებს და კლუნების ფონდის შემადგენლობაში შედის. ამ ეტაპზე, ორგანიზაციის მიზანია იმ საქმეების გამოძიება და გერმანიის მართლმსაჯულების სისტემისთვის გადაცემა, რომელსაც უკრაინის სასამართლო ან საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო ვერ გამოიძიებს. 

გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებების გამოძიების დაწყების შემთხვევაში, გერმანული სასამართლოები მათ მიერ გაცემული დაკავების ორდერების აღსრულებაზე Europol-თან და Interpol-თან ითანამშრომლებენ. 

კომენტარები