ოკუპირებული აფხაზეთი

DRI: რუსებმა ოჩამჩირის პორტზე თავდასხმის იმიტირება ჩაატარეს, თავდაცვის სისტემები დააყენეს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ფიჩორთან, ანაკლიიდან 4 კილომეტრში, უკვე სამი კვირაა დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები რუსული საზღვაო ფლოტის "გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად".

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადგილობრივ საკონტაქტო პირებზე დაყრდნობით წერს, რომ:

  • "რუსი სამხედროები, ადგილობრივებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ფიჩორს ექნება ოჩამჩირის დიდი სამხედრო საზღვაო ბაზის დამხმარე ფუნქცია;
  • სამხედრო ბაზის მშენებლობა დაწყებულია;
  • რუსები, მიმდინარე პერიოდში, აქტიურად ატარებენ წვრთნებს, რა დროსაც გამოყენებული იყო დრონების შეტევის იმიტაცია ოჩამჩირის სამხედრო პორტზე;
  • ოჩამჩირის მოსახლეობის განცხადებით, ადგილზე აქტიურად მიმდინარეობს რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების განთავსების პროცესი, რაც, სავარაუდოდ, უკრაინული დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული".

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების რეაგირება საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოთხ კილომეტრში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არასაკმარისი და შესაბამისად, არაეფექტიანია.

2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი სამხედრო საზღვაო ბაზა მოეწყობოდა. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთს ოკუპირებული სევასტოპოლიდან შავი ზღვის ფლოტის ხომალდები გაჰყავდა.

ვრცლად ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე წაიკითხეთ აქ – რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის აფხაზეთში მშენებლობის მნიშვნელობა უკრაინის ომის ფონზე.

24 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ ოჩამჩირეში საზღვაო სამხედრო ბაზის გახსნის გეგმებზე საუბრის დროს თქვა, რომ შავი ზღვის ფლოტს ყველგან მისწვდებიან. მან ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ ხომალდებზე იერიშისგან თავს არ შეიკავებენ.

კომენტარები