საქართველო-ევროკავშირი

ბოკერია: რეჟიმის შეცვლის გარეშე ვერაფერი გვიშველის – ვერც კანდიდატის სტატუსი

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიცია ახლა მაინც უნდა იყოს მკაფიო იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას ქართული ოცნების შეცვლის გარდა ვერაფერი უშველის, მათ შორის ვერც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

"ამ პირობებში, ჩვენ ამ ცრუ დილემის მახეში არ უნდა აღმოვჩენილიყავით და სამწუხაროდ, ოპოზიციის მნიშნელოვანი ნაწილი, მედიისა და საზოგადო მოღვაწეების მნიშნელოვანი ნაწილი ამ მახეში მაინც აღმოჩნდა იმ პროპაგანდის შედეგად, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი აწარმოებდა ჩვენ წინააღმდეგ და ეს მოსალოდნელიც იყო, ისინი ავტორიტარული რეჟიმი არიან, მათ შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები ჰქონდეთ, ისინი ერთი მხრივ, იძახიან რომ უნდათ ევროპა, მაგრამ ოპოზიცია უშლით, მეორე მხრივ, დასავლეთს, პირველ რიგში ამერიკას ადანაშაულებენ სისხლისღვრის სურვილში საქართველოში, ჩვენი იდენტობის დაკარგვაში და თუ სტატუსს ვერ მიიღებენ, მაშინ იმაში რომ ზურგი შეაქციეს საქართველოს. ევროპული საქართველოს მოწოდებაა, რომ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით და ახლა მაინც უნდა ვიყოთ მკაფიოები, ამ რეჟიმის პროდასავლური, ანუ პროქართული შეცვლის გარეშე ჩვენ ვერაფერი გვიშველის - ვერც კანდიდატის სტატუსი. და ეს თავის მართლება და გულზე მჯიღის ცემა, რომ "არა, მეც მინდა სტატუსი" არის ან თავის მოტყუება, ან აყოლა ამ პოპულიზმში პუტინისტური ხელისუფლების პროპაგანდისთვის". - ამბობს ბოკერია.

გიგა ბოკერიამ 25 ოქტომბერს ბრიფინგი გამართა, სადაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემაზე მიმდინარე დისკუსიას გამოეხმაურა. საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 24 ოქტომბერს რესპუბლიკელმა ხათუნა სამნიძემ თქვა, რომ ოპოზიციის ნაწილს სურს, არჩევნებამდე გადავადდეს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება. სამნიძემ პალიტრანიუსის ეთერში აღნიშნა, რომ ამის შესახებ უცხოელ პარტნიორებს ზოგიერთი ოპოზიციონერი დახურულ კარს მიღმა ესაუბრება. 

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციას ამ პროცესზე გავლენა არ აქვს და ახლა საჭიროა, საზოგადოება მოამზადონ იმისთვის, რომ "თუ სტატუსი მივიღეთ, არ მოტყუვდეს საზოგადოების ნაწილიც კი იმით, რომ ივანიშვილის რეჟიმის გამოცვლა აღარ არის დრამატული აუცილებლობა, თუ ვერ მივიღეთ, უნდა იცოდნენ, რომ ეს არ არის ტრაგიკული, თუ ჩვენ შემდეგი არჩევნებისას შევცვლით ხელისუფლებას, მაშინ სტატუსსაც მივიღებთ, გაწევრების პროცესსაც დავიწყებთ და ნატოში გაწევრების ამოცანასაც დავუახლოვდებით რეალურად".

ბოკერია ასევე გამოეხმაურა ორ გავრცელებულ არგუმენტს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების სასარგებლოდ.

"არგუმენტი იმაზე, რომ პუტინისტური ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუსი რამისგან გვიცავს, არის სრული აბსურდი, კანდიდატობის სტატუსი არ არის ნატოს წევრობა. ნატოს წევრობის შემთხვევაშიც, თუ მთავრობა არ გყავს, რომელსაც ქვეყნის დაცვა უნდა, მარტო ეგ არ გიშველის, მაგრამ ავტომატურად გეხმარება საფრთხეებისგან დაცვაში, კანდიდატობა ასეთი ვერ არის. და მეორე, თითქოს გეოპოლიტიკური ფანჯარა ახლავე, ამ არჩევნების შემდეგ შეიძლება დაიხუროს და ბევრად ჯობია რომ სტატუსი ახლა მივიღოთ. ესეც შეცდომაა, კანდიდატის სტატუსი არ არის ევროკავშირის ვალდებულება შემდეგ მიგიღოს. და ეს ფანჯარა ყველა მონაცემით, რაც ჩვენ გვაქვს, ახლა არ დაიხურება, თუ დაიხურა, მაშინ სტატუსიც აღარ გვიშველიდა". - თქვა მან.

ხათუნა სამნიძის განცხადებას 15 ოქტომბერს გამოეხმაურა  საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი და თქვა, რომ ვისაც ის ესაუბრა, ყველა პარტია "ძალიან მტკიცედ" უჭერს მხარს კანდიდატის სტატუსს.

კომენტარები