აშშ

ჩინეთი, რუსეთი და ირანი ბოროტების ღერძს წარმოადგენენ - სენატორი მიტჩ მაკკონელი

აშშ-ის სენატის რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი
J. Scott Applewhite/AP

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა Fox New-თან გაკეთებულ ინტერვიუში ამერიკის საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მსოფლიო ახლა უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დგას, ვიდრე - წინა ათწლეულებში. სენატორი ავღანეთიდან აშშ-ის კატასტროფულ გამოსვლას, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ჩავარდნად მიიჩნევს. მაკკონელისთვის ამერიკამ ამით პუტინს არასწორი სიგნალი გაუგზავნა, რითაც მას უკრაინაზე თავდასხმის გზა გაეხსნა.

მისი თქმით, ამერიკა "საგანგებო მდგომარეობაში" იმყოფება, რასაც ყოვლისმომცველი საგარეო პოლიტიკა სჭირდება:

"მნიშვნელოვანია, რომ მივხედოთ ამ ბოროტების ღერძს - ჩინეთი, რუსეთი, ირანი - ვინაიდან ეს ამერიკისთვის მყისიერ საფრთხეს წარმოადგენს".

ტერმინი "ბოროტების ღერძი" პირველად პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოიყენა, როდესაც მან აშშ-ზე 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ირანი, ერაყი და ჩრდილოეთ კორეა ამერიკისთვის საერთო გამოწვევის ნაწილებად დაახასიათა.

მაკკონელის თქმით, მცდარია მოსაზრება, რომ შესაძლებელია ჩინეთის, ირანის ან რუსეთის საკითხი ცალკე განიხილებოდეს: "თავისუფალი სამყაროს დამარცხება ჩინეთის, ირანისა და რუსეთის საერთო ძალისხმევის ნაწილია", ამიტომ მათ მიმართ აშშ-მა საგარეო პოლიტიკაში საერთო მიდგომა უნდა შეიმუშაოს.

სენატორი მაკკონელისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების გადმოსახედიდან ცხადია, რომ ირანს, ჩინეთსა და რუსეთს ერთი მიზანი ამოძრავებთ, რაც უკრაინისა და ისრაელის ომებში მათი პოზიციებიდანაც კარგად ჩანს: "კარგად ვიცით, ისინი ვის მხარეზე დგანან", - თქვა მან.

ინტერვიუში მან ასევე პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მიერ ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის კონგრესისთვის $105 მილიარდი რაოდენობის თანხის მოთხოვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, შიდა პოლიტიკაში ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ მკვეთრად კრიტიკული პოზიციის მიუხედავად, მას სურს, რომ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ამერიკა ტრადიციულად ორპარტიული თანხმობით იღებდეს გადაწყვეტილებებს. მან ასევე შეცდომა უწოდა თანაპარტიელი კონგრესმენების მოთხოვნებს, რომლებიც უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხის ცალკეულად განხილვას მოითხოვენ.

კომენტარები