ირაკლი ბებუას საქმე

ბოკერია ბებუაზე: საჭიროა ნაბიჯების გადადგმა, მომავალში რომ არ მოხდეს ასეთი შემთხვევები

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული მთავრობის მიერ ე.წ სიმბოლიკის დაწვისთვის დაკავებული ირაკლი ბებუას საკითხს გამოეხმაურა.

კერძოდ, ბოკერია შეეხო ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილ ხედვას ირაკლი ბებუას გათავისუფლებისთვის საჭირო ნაბიჯებზე. ბოკერიას თქმით, ამ ნაბიჯების გადადგმა საჭიროა, რათა, სულ მცირე, ოკუპანტებს საქართველოს ინტერესებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ ქმედებები ძვირად დაუჯდეს და მათ კონკრეტული შედეგები მოჰყვეს.

"ისეთ რეჟიმებთან, როგორიც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმია აფხაზეთში და ზოგადად პუტინის რეჟიმი, არ არის გარანტია, რომ ეს ლეგიტიმური ნაბიჯები ავტომატურად შედეგს მოგვცემს ამ, ან სხვა სინდისის პატიმრების შემთხვევაში, ან, თუნდაც, ოთხოზორიას მკვლელების დევნის შემთხვევაში. თუმცა, თუ ამ ნაბიჯებს არ დგამ, როგორც ამას ივანიშვილის რეჟიმი არ აკეთებს, ეს არის გარანტია, რომ მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება. ერთია კონკრეტული ადამიანის ინტერესი და ამ შემთხვევაში ეს არის ბებუას ინტერესი, რომელმაც პრინციპული პროტესტი გამოაცხადა და გენოციდის ზეიმისას დაწვა დროშა და მნიშვნელოვანია ეს შემთხვევა. მაგრამ, ამის გარდა, მომავალში რომ არ მოხდეს ასეთი შემთხვევები, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, გყავდეს ნორმალური ხელისუფლება, რომელიც ფასს უჯენს ოკუპანტს და მტერს, ნებისმიერ მტრულ ნაბიჯს". – ამბობს ბოკერია.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების "რუსეთთან დალაგების" პოლიტიკის რეალური მიზანი ძალაუფლების შენარჩუნება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. რეალურად, კი ამით ქვეყნის ეროვნული ინტერესები ზიანდება.

"ამ რეჟიმის პირობებში, არანაირ ფასს არ იხდიან ისინი. მე მგონია, რომ ეს არის კონცეფცია, რომელიც ივანიშვილს თავიდანვე ჰქონდა. მათთვის ძალაუფლების შენარჩუნების აუცილებელი პირობაა რუსეთთან პოლიტიკურად ამ ტიპის სტატუს კვოში ყოფნა. გზავნილი, რომ ისინი ვითომ ლაგდებიან რუსეთთან არის მნიშვნელოვანი ფაქტორი საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად. სინამდვილეში, ეს დალაგება ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობას ნიშნავს, კონკრეტული ადამიანების ბედის მაგალითით, ბებუას შემთხვევა და ოთხოზორიას მკვლელობა, სწორედ ეს არის შედეგები". – თქვა ბოკერიამ.

ევროპული საქართველოს თავჯდომარე ასევე შეეხო 1997 წელს დადებულ შეთანხმებას, რომლის მიხედვით ენგურჰესიდან ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის 60%, ხოლო საქართველოს 40% უნდა მიეწოდებოდეს. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ქართული ოცნების კომფორმისტული პოლიტიკის შედეგი ასევე არის ამ ბალანსის ოკუპირებული აფხაზეთის სასარგებლოდ ცვლილება. 

"ნელ-ნელა იძვრება ბალანსი, დღეს 20%-ზე ნაკლებია თითქმის საქართველოს არაოკუპირებული ნაწილის წილი და 80%-ზე მეტი ოკუპირებულია ფხაზეთის, სადაც არაფერს არ იხდიან. ასევე იყო პერიოდი, თუ არ ვცდები, ერთი წლის წინ, როდესაც თითქმის 100%-ზე იყო ასული აფხაზეთის წილი. ამაშიც ჩანს, როგორ გვაზიანებს ამ რეჟიმის ფარისევლური პოლიტიკა, რასაც ისინი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით აწარმოებენ. ეს საკითხი პირველად დაისვა ასე მკადიოფ და უნდა იყოს საზოგადოების წინაშეც დასმული, რომ ყველა სხვა ინსტრუმენტთან ერთად, ეს ლეგიტიმური ინსტრუმენტიც უნდა გვქონდეს". – ამბობს ბოკერია. 

 

ევროპულმა საქართველომ ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკუთარი ხედვა წარადგინა 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული მთავრობის მიერ ე.წ სიმბოლიკის დაწვისთვის დაკავებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ "არსებითია მისი დროული გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების თავიდან აცილებისა და მისი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით".

2020 წლის 30 სექტემბერს საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუამ აფხაზეთის ომში გამარჯვებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე, გალში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ დროშის ფერებით გაფორმებული ტილო და მასზე დამაგრებული გერბი დაწვა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგამოძიებო სამსახურების მტკიცებით, ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა იპოვეს.  ირაკლი ბებუას 9-წლიანი პატიმრობა უკანონოდ მიუსაჯეს. 

 

კომენტარები