აშშ

მესამე წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ რესპუბლიკელებმა ჯიმ ჯორდანის კანდიდატურა მოხსნეს

ოჰაიოს შტატის კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი
AP Photo/J. Scott Applewhite

მესამე წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ რესპუბლიკელებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტზე ჯიმ ჯორდანის კანდიდატურა მოხსნეს.

პირველ კენჭისყრაზე, რომელიც, 17 ოქტომბერს ჩატარდა, კონგრესმენს 200 რესპუბლიკელი უჭერდა მხარს, მეორე მოსმენაზე – 199, ხოლო გუშინ – 194.

ჯორდანს სპიკერის პოზიციის დასაკავებლად 217 ხმა სჭირდებოდა, წარმომადგენელთა პარტიაში რესპუბლიკური პარტია კი 221 მანდატით არის წარმოდგენილი. 

რესპუბლიკურმა პარტიამ ოჰაიოს შტატის წარმომადგენელი, ჯიმ ჯორდანი პალატის სპიკერის პოსტზე შიდა კენჭისყრის შედეგად 13 ოქტომბერს წარადგინ, მას შემდეგ, რაც სტივ სკალიზი არჩევნებს გამოეთიშა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას სპიკერი აღარ ჰყავს, მას შემდეგ, რაც 2 ოქტომბერს 8 რესპუბლიკელმა, დემოკრატების სრული მხარდაჭერით, სპიკერი კევინ მაკკარტი თანამდებობიდან გადააყენა. ამჟამად სპიკერის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ მაკჰენრია და მისი მთავარი მოვალეობა ახალი სპიკერის არჩევის პროცესის წარმართვაა. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას მის წინაშე არსებულ რიგ პრობლემებთან გამკლავებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება, მათ შორისაა: უკრაინისა და ისრაელის დახმარების საკითხი, და ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერების საფრთხე.

კომენტარები