რუსეთი

რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის რედაქტორს პატიმრობა გაუხანგრძლივეს

RFE/RL

ყაზანის სოვეცკის რაიონულმა სასამართლომ რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის რედაქტორს ალსუ კურმაშევას პატიმრობა 23 ოქტომბრამდე გაუხანგრძლივა.

"ჩვენ შეშფოთებულები ვართ ალსუს პატიმრობის გახანგრძლივების გადაწყვეტილებით. ჟურნალისტიკა არ არის დანაშაული. ალსუ სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს, რათა ოჯახთან დაბრუნდეს". - თქვა რადიო თავისუფლების მედია კორპორაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჯეფრი გედმინმა.

კურმაშევას ბრალად ე.წ. უცხოელ აგენტად რეგისტრაციისთვის შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობა ედება. ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებრივ სამუშაოს ან თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით.

კურმაშევა 18 ოქტომბერს ყაზანში დააკავეს, რის შემდეგაც დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. 

კურმაშევას აქვს რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა, იგი ამჟამად ჩეხეთში ცხოვრობს. როგორც რადიო თავისუფლება წერს, ის რუსეთში ოჯახური მიზეზების გამო მაისის შუა რიცხვებში ჩავიდა. რამდენიმე კვირის შემდეგ, უსაფრთხოების ძალებმა კი ყაზანის აეროპორტში დააკავეს და ამერიკული და რუსული პასპორტები ჩამოართვეს. ამის შემდეგ კი, ყაზანის სასამართლომ დააჯარიმა იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლებისთვის კურმაშევას მეორე მოქალაქეობის შესახებ არ უცნობებია.  

რადიო თავისუფლება ასევე აღნიშნავს, რომ ალსუ კურმაშევა მრავალი წელია აშუქებს ეთნიკური უმცირესობების პრობლემებს რუსეთის ვოლგა-ურალის რეგიონში. მან გააშუქა თათრული ენისა და კულტურის დაცვისა და შენარჩუნების საკითხები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მზარდი ზეწოლის ფონზე.

2022 წლის ბოლოდან რუსეთში, საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, "უცხოურ აგენტებს" აეკრძალათ სამთავრობო დაწესებულებებში სწავლება, საჯარო ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება, კონტრაქტის საფუძველზე ჯარში მსახური და საარჩევნო კომისიების წევრობა.

ამჟამად რუსეთის რეესტრში რამდენიმე ასეული ე.წ. აგენტია შეყვანილი, მათ შორის, ფიზიკური პირები, მედიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოძრაობები.

ამასთან, 2017 წელს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფალი ევროპის თათარ-ბაშკირული სამსახურის პროექტები - "Idel.Realii" და Azatlyk Radios - "უცხოურ აგენტებად" გამოაცხადა.

კომენტარები