უნგრეთი

აშშ-ის ელჩი უნგრეთში: უნგრეთის ურთიერთობა რუსეთთან შემაშფოთებელია

აშშ შეშფოთებულია უნგრეთის ახლო ურთიერთობით რუსეთთან და მიიჩნევს, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან "პრობლემატურია". ამის შესახებ ვკითხულობთ უნგრეთში აშშ-ის ელჩის, დევიდ პრესმანის გავრცელებულ განცხადებაში.

"აშშ შეშფოთებულია უნგრეთისა და რუსეთის ურთიერთობით". – ვკითხულობთ განცხადებაში.

მანამდე, პრესმანმა X-ზე დაწერა, რომ "უნგრეთის ლიდერმა გადაწყვიტა, დადგეს იმ კაცის მხარეს, რომლის ძალებიც უკრაინაში კაცობრიობის წინაშე დანაშაულების ჩადენაში არიან პასუხისმგებლები". 

აშშ-ს კრიტიკას გამოეხმაურა ვიქტორ ორბანის მთავარი პოლიტიკური თანაშემწე, ბალაჟ ორბანი და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უნგრეთი "დაიღალა" აშშ-ის ელჩის "ფარისევლობით". 

ვიქტორ ორბანი ვლადიმირ პუტინს 17 ოქტომბერს შეხვდა პეკინში, შუა სარტყლისა და გზის ინიციატივის ფორუმზე. ორბანი ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელიც ამ ფორუმს დაესწრო.

პეკინში შეხვედრისას ორბანმა პუტინს უთხრა, რომ უნგრეთს არასდროს სურდა რუსეთის წინააღმდეგ წასვლა და ცდილობს ორმხრივი ურთიერთობის შენარჩუნებას. 

ოქტომბრის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ უნგრეთის დელეგაციას უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უნგრეთის და საქართველოს პრემიერმინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის “არსებული მჭიდრო პარტნიორობა”. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ “ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ, სტრატეგიულ ეტაპზე გადავიდა, რაც რეგულარულ ვიზიტებსა და დარგობრივ თანამშრომლობაში გამოიხატება".

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ვიქტორ ორბანი შეაქო და აღნიშნა, რომ "უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი ჰყავს". 

"არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ვიქტორ ორბანის ღვაწლი, აი, ამ ნამდვილი ფასეულობების, ტრადიციების დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში. უნგრეთში ვთქვი და მინდა გავიმეორო, რომ უნგრელ ხალხს ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს". – თქვა ღარიბაშვილმა. 

კომენტარები