ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

აშშ-მ ისრაელსა და ღაზაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო

აშშ-ს ელჩი გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდი
Eduardo Munoz

18 ოქტომბერს აშშ-მა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელშიც ისრაელსა და ჰამასის ტერორისტებს “ჰუმანიტარული პაუზებისკენ” მოუწოდებდა, რათა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შესულიყო.

რეზოლუციაზე კენჭისყრა რამდენჯერმე გადაიდო და საბოლოოდ 18 ოქტომბერს ჩატარდა. მას თორმეტმა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო რუსეთმა და ბრიტანეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.

"ჩვენ ადგილზე ვმუშაობთ და დიპლომატიური შრომატევადი საქმით ვართ დაკავებულები. ვფიქრობთ, ამ დიპლომატიას თავის გამოვლენის საშუალება უნდა მივცეთ". - თქვა გაეროში ამერიკის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა. 

მანვე დაამატა, რომ რეზოლუციების მნიშვნელობის მიუხედავად, ისინი მხარს უნდა უმაგრებდეს და ეყრდნობოდეს პრაქტიკულ სამუშაოს, რასაც, მისი თქმით, ადამიანთა ცხოვრების გადარჩენა შეუძლია.

აქამდე აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თხოვნის ფონზე, ისრაელი ეგვიპტიდან ღაზაში შემავალ ჰუმანიტარულ დახმარებას დაუშვებს.

ამასთან, ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ ღაზასა და დასავლეთ სანაპიროს $100 მილიონის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევდა. მისივე თქმით, აშშ უზრუნველყოფს, რომ  ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ მისი ჰუმანიტარული დახმარება საკუთარი მიზნებისთვის ვერ გამოიყენოს.


ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შევიდნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს. აქ შეტაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

ტერორისტებმა აიყვანეს ასზე მეტი მძევალი და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იმ კიბუცებში, სადაც ჰამასელები იმყოფებოდნენ, მძიმე სურათები აღმოაჩინეს. ცნობების მიხედვით, იპოვეს დახოცილი, თავმოკვეთილი ბავშვებიც, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც დაადასტურა. თავდასხმის პირველ დღეს გავრცელდა ჩანაწერებიც, რომლებშიც ისრაელელი ჯარისკაცების ცხედრების შეურაცხყოფის ფაქტებიც ჩანდა.

ისრაელმა სამხრეთის ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდასთან ერთად ღაზის სექტორში ჰამასის ობიექტებზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო, რაც უკვე რამდენიმე დღე გრძელდება. პარალელურად, დროგამოშვებით, შეტაკებები ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზეც ხდება. ამ მიმართულებით, ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა.

საფრთხე, რომელიც ღაზიდან მოდიოდა, განადგურდება – ინტერვიუ საქართველოში ისრაელის ელჩთან

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

ისრაელმა ღაზის სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია. 13 ოქტომბერს ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებმა მშვიდობიანმა მოსახლეობამ მიიღო გაფრთხილება, რომ ტერიტორია 24 საათში დაეტოვებინათ. ამავე დღეს, ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის რეიდები მოეწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. მზადყოფნაშია 300 000 რეზერვისტი. აქამდე ისრაელის მაღალჩინოსნები დებდნენ პირობას, რომ ჰამასი განადგურდება და ღაზის სექტორში რეალობა შეიცვლება.

კომენტარები