აშშ

აშშ-ში 16-წლიანი უსამართლო პატიმრობიდან გათავისუფლებული კაცი პოლიციელმა დაკავებისას მოკლა

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში 16-წლიანი უსამართლო პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებული კაცი შტატის შერიფის მოადგილემ დაკავების დროს მოკლა.

ჯორჯიის საგამოძიებო ბიუროს ცნობით, ლეონარდ ალენ ქიურის პოლიციელმა მანქანის გაჩერების შემდეგ ესროლა. ბიუროს განცხადებით, 53 წლის მამაკაცმა დაკავების დროს პოლიციელს თავს დაესხა. სროლის შემდეგ ადგილზე სამედიცინო პერსონალი მივიდა, თუმცა, მოგვიანებით ქიური გარდაიცვალა.

"მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია იმის, თუ რას ნიშნავს, როდესაც იცი, რომ შენი შვილი უდანაშაულოა და მას სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან, წლების შემდეგ გაამართლებენ [...] შემდეგ კი, როდესაც ის თავისუფალია, მოკლავენ". - უთხრა გამართლების პროცესზე ქიურის წარმომადგენელმა, სეთ მილერმა CBS-ს.

ჯორჯიის საგამოძიებო ბიურო აღნიშნავს, რომ ლეონარდ ალენ ქიური შტატის შერიფის მოადგილემ ჯორჯია-ფლორიდის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობის დროს გააჩერა. როგორც განცხადებაში წერია, ამის შემდეგ ქიური შერიფის მითითების საფუძველზე მანქანიდან გადმოვიდა და შერიფის მოადგილის მიმართულებით დაიძრა, თუმცა, როდესაც მიხვდა, რომ მას აკავებდნენ სამართალდამცველის მოთხოვნებს აღარ დაემორჩილა.

ბიურო წერს, რომ დაუმორჩილებლობის შედეგად შერიფის მოადგილემ ქიურის წინააღმდეგ ელექტროშოკი გამოიყენა, პასუხად კი ქიური სამართალდამცველს თავს დაესხა, ამის შემდეგ კი პოლიციელმა კვლავ ელექტროშოკი გამოიყენა, შემდეგ ხელკეტი, საბოლოოდ კი იარაღი ამოიღო და ესროლა.

ადგილობრივი პოლიცია, ჯერჯერობით არ ავრცელებს დეტალებს, თუ რა ბრალდებით ხდებოდა ქიურის დაკავება.

ლეონარდ ალან ქიურის სამუდამო პატიმრობა 2004 წელს, ცეცხსასროლი იარაღის გამოყენებით შეიარაღებულ ძარცვაში მონაწილეობისა და დამამძიმებელ გარემოებებში ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის ბრალდებით მიუსაჯეს.

როგორც BBC აღნიშნავს, ქიურის საქმე პრობლემურად განაჩენის გამოტანამდე იქვა, რადგან საბრალდებო დასკვნის განხილვის ჯგუფმა და ადგილობრივი ადვოკატების დამოუკიდებელმა კომიტეტმა რამდენიმე ალიბი წარადგინეს, რომლებიც სასამართლომ არ გაითვალისწინა. ერთ-ერთი ალიბი ადასტურებდა, რომ ქიური ძარცვის ჩადენის დროს თავდასხმის ადგილიდან 4.8 კილომეტრის დაშორებით იმყოფებოდა.

ქიურმა ციხე 2020 წლის აპრილში დატოვა, 2023 წლის ივნისში კი ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა ხელი მოაწერა ქიურის განაცხადს ფინანსური ზარალის ანაზღაურებაზე. სეთ მილერის თქმით, ქიურმა 817 000 აშშ დოლარი გასულ აგვისტოში მიიღო და კოლეჯში სწავლას, შემდეგ კი რადიოში მუშაობას გეგმავდა.

კომენტარები