არჩევნები პოლონეთში

კულება: არჩევნების შედეგებს კიევისა და ვარშავის სტრატეგიულ ურთიერთობაზე გავლენა არ ექნება

Ruslan Kaniuka/Ukrinform/Future Publishing via Getty Images

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, პოლონეთის საპარლამენტო არჩევნების  შედეგები გავლენას არ მოახდენს კიევისა და ვარშავის სტრატეგიულ ურთიერთობაზე. ამის შესახებ კულებამ ეროვნული ტელემარათონის ეთერში ისაუბრა.

"უკრაინისა და პოლონეთის სტრატეგიულ ურთიერთობაზე არაფერი არ იმოქმედებს, რადგან ეს ურთიერთობები ძალიან ღრმაა, ძალიან ბევრია მასთან დაკავშირებული. რაც მთავარია, ტაქტიკურად შეგიძლიათ ერთმანეთზე რაც გინდათ ის იფიქროთ, მაგრამ სტრატეგიულად პოლონეთი და უკრაინა ერთმანეთის გარეშე ვერ იცხოვრებენ და ვერ გადარჩებიან ამ სასტიკ სამყაროში". - თქვა კულებამ.

ამავდროულად, კულებამ აღნიშნა, რომ პოლონეთის მხრიდან მარცვლეულის საკითხთან ან იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით მკვეთრი რიტორიკა აღარ არსებობს.

"ვაფასებთ პოლონეთს და პოლონეთთან ურთიერთობას, მაგრამ გვყავს სხვა მეზობლებიც, რომლებთანაც ასევე ვავითარებთ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას, რომლებიც ბევრს აკეთებენ უკრაინისთვის, საუბარი მაქვს რუმინეთზე. ამიტომ, მთელი ეს ემოცია, იმედია, დარჩა საარჩევნო კამპანიაში, რომელიც უკვე დასრულდა". - თქვა კულებამ.

პოლონეთში ხმების დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ ცხადი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა.

ამომრჩეველთა ხმების 35.38% მმართველმა პარტიამ - კანონმა და სამართლიანობამ მიიღო, 30.7% - დონალდ ტუსკის სამოქალაქო კოალიციამ, 14.4% - მესამე ძალამ, 8.61% - ახალმა მემარცხენეებმა, ხოლო 7.16% - კონფედერაციამ.

სავარაუდოა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია სამოქალაქო პლატფორმა კოალიციას მესამე გზასთან და ახალ მემარცხენეებთან შექმნის.

კომენტარები